თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც რუსთაველის თეატრში გაიმართა, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტი, ხე სიაოცუნი სიტყვით გამოვიდა.
ხე სიაოცუნმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და ტურიზმის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ შანხაი-თბილისის პირველი რეისი წარმატებით შესრულდა.
"მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და ტურიზმის ადმინისტრაციას იმისთვის, რომ შანხაი-თბილისის პირველი რეისი წარმატებით შესრულდა. ვფიქრობ, პირდაპირი ავიარეისები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად. ბოლო წლებში ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობები სულ უფრო ვითარდება, განსაკუთრებით უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ. სულ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი სტუმრობს საქართველოს და საქართველოდანაც ბევრი ქართველი მოგზაური მიდის ჩინეთში. დიდი პასუხისმგებლობაა, რომ მათი უსაფრთხოება ჩვენი ავიახაზებით იყოს უზრუნველყოფილი. პირდაპირი ავიამიმოსვლა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას," - განაცხადა ხე სიაოცუნმა.