16 ივლისი 2026,   22:18
ვრცლად
გაიწმინდა მისასვლელი გზა და იწმინდება დამცავ დამბებამდე იმისათვის, რომ დაიწყოს საინჟინრო გეოლოგიური კვლევა - კახეთის სახელმწიფო რწმუნებული

თელავში სტიქიიდან მეხუთე დღესაც სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - ამ ეტაპზე, იწმინდება თელავისხევის კალაპოტი. დაწყებულია სათავე ნაგებობამდე მისასვლელი გზის გაჭრა, სადაც დამცავი დამბებია მოწყობილი.

"ხევიდან ფაქტობრივად დასრულებულია ამოღება ნაშალის, ახლა მიმდინარეობს გატანა უკვე ამ ამოღებული მასის, ასევე გრძელდება კალაპოტის ფორმირების და ამოწმენდის სამუშაოები სათავეზე და ქვედა ნაწილში გულგულის სიახლოვეს", - აცხადებს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე.

ერთ-ერთ დამბამდე მისასვლელი გზა უკვე სრულად გაიწმინდა, რაც ძლიერი ნალექის შემთხვევაში დატბორვის საფრთხეს მნიშვნელოვნად ამცირებს. შესაბამისი სამსახურები სასმელი წყლის მოწოდების შეფერხების სრულად აღმოსაფხვრელად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. მძიმე ტექნიკაა მობილიზებული მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც.

"გაიწმინდა მისასვლელი გზა და იწმინდება დამცავ დამბებამდე იმისათვის, რომ დაიწყოს საინჟინრო გეოლოგიური კვლევა, რათა დაიგეგმოს სამუშაოები ისე როგორც დამბების რეაბილიტაციის საჭიროების შემთხვევაში. ასევე, ნატანის მასის კუთხით, რათა მოსალოდნელი სამომავლო სტიქიის შემთხვევაში რისკები იყოს მაქსიმალურად გათვლილი", - აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.

დღის ამბები