ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაპირისპირება მწვავდება. გასულ ღამეს შეერთებულმა შტატებმა ირანის ტერიტორიის სიღრმეში და ჰორმუზის სრუტის სანაპირო ზოლის გასწვრივ იერიშების სერია განახორციელა. ცენტრალური სარდლობის ცნობით, დარტყმები ირანის სამხედრო ცენტრებზე, საჰაერო თავდაცვასა და სარაკეტო ბაზებზე განხორციელდა.
საპასუხოდ, იორდანიაში, ქუვეითსა და ბაჰრეინში განთავსებულ ამერიკულ ბაზებსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე ირანის სარაკეტო დარტყმები ხორციელდება. პარალელურად, კრიზისია ჰორმუზის სრუტეში. ირანმა ორი ნავთობტანკერი დააკავა, რის გამოც საზღვაო მიმოსვლა ფაქტობრივად შეჩერებულია.
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ირანმა სამხედრო თვალსაზრისით უმძიმესი ზიანი მიიღო:
"ირანმა სამხედრო თვალსაზრისით უმძიმესი ზიანი მიიღო. მათ პრაქტიკულად ყველაფერი დაკარგეს. ძალიან ცოტა რამ დარჩათ - რამდენიმე რაკეტა, დრონები და შეზღუდული საწარმოო შესაძლებლობები. ვაკონტროლებთ სრუტეს, ისინი არაფერს აკონტროლებენ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, დღეს ღამით მათ კიდევ ერთხელ ძალიან ძლიერი დარტყმა მივაყენეთ,"- აცხადებს დონალდ ტრამპი.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს ისლამური რესპუბლიკის გადაბირებას ცდილობდნენ, თუმცა მისივე თქმით, არც მოსყიდვა და არც მუქარა არ გაჭრის:
"მოლაპარაკებების დროს ისლამური რესპუბლიკის გადაბირებას ცდილობდნენ. გვეუბნებოდნენ: ამას გავაკეთებთ, იმას აგიშენებთო. მე კი ვეუბნებოდი, რომ ურანის გამდიდრების პროგრამა არ იყიდება. ირანელმა ხალხმა ამისთვის 20 წლის განმავლობაში სანქციები აიტანა, მეცნიერები დაიღუპნენ - მეუბნებოდნენ, ელექტროსადგურს აგიშენებთო. არც მოსყიდვა და არც მუქარა არ გაჭრის - დაემუქრეთ იმას, ვისაც თქვენი ეშინია,"- აღნიშნავს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი.