სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება ლენტეხის მუნიციპალიტეტში. დღეს სოფელში გეოლოგებს ელოდებიან. დილიდან განახლდა მძიმე ტექნიკის მუშაობაც.
სოფელ საყდართან მიწის მასისგან გაიწმინდა დაზიანებული ხიდი. რაც შეეხება საავტომობილო გზას - მანქანები სპეციალური რეკომენდაციებით გადაადგილდებიან. მოძრაობა სრულად ყოველგვარი საფრთხის მოხსნის შემდეგ აღდგება.
"ვითარება დასტაბილურებულია. შიდასასოფლო გზები გახსნილია. სტიქიის შემსწავლელი კომისია დადის სოფლებში და ადგილზე სწავლობს ზარალს. ასევე, დღეს ველოდებით გეოლოგებს. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ისევ მიმდინარეობს ცენტრალურ საავტომობილო გზებზე. პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ ამას საჭიროება მოითხოვს. არის მეწყრული კერები მდინარის სათავე არეალში და საჭიროდ ჩავთვალეთ, გეოლოგების ჯგუფი მოგვეწვია და ადგილზე გასცნობოდნენ ვითარებას", - აცხადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი.
შეგახსენებთ, სტიქიის მთავარი მიზეზი უხვი ნალექი გახდა. ძლიერი წვიმების შედეგად, ადიდებულმა ნაკადებმა მთებიდან დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი და ხის მორები ჩამოიტანა.