21 ივლისი 2026,   22:21
ვრცლად
"ყველა სოფელში გზა გავლადი და გამტარია, პრობლემა რჩება სოფელ დურაშში სასმელი წყლის მიმართულებით, რასაც დღის ბოლომდე მოვაგვარებთ" - ლენტეხის მერი

დილიდან განახლდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ლენტეხის მუნიციპალიტეტში. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. წმენდენ ცენტრალურ მაგისტრალს და მიმდებარე ტერიტორიას. ამ დროისთვის არცერთი სოფელი აღარ არის ჩაკეტილი. საყდართან დროებითი შემოვლითი გზა მოეწყო.

პარალელურად, იწყება დაზიანებული ხიდის აღდგენაც. სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ. სპეციალისტები არსებულ მდგომარეობას სწავლობენ.

"მიმდინარეობს ცენტრალური საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. უხვმა ნატანმა პრობლემა შექმნა ჩოლშურის ხიდზე, სადაც მდინარეს გატარება შეაფერხა და შესაბამისად, რთული მდგომარეობა იყო ცენტრალურ საავტომობილო გზებზე. შიდასასოფლო გზების მიმართულებით, ყველა სოფელში გზა გავლადი და გამტარია. ამ ეტაპზე პრობლემა რჩება სოფელ დურაშში სასმელი წყლის მიმართულებით, რომელსაც დღეს, დღის ბოლომდე მოვაგვარებთ“, - აცხადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გაზდელიანი.

დღის ამბები