შემიძლია ვთქვა, რომ კარგი საუბარი იყო გერმანიის პრეზიდენტთან. მზადყოფნა და სურვილი არის იმისა, რომ გაუმჯობესდეს ურთიერთობები გერმანიასა და საქართველოს შორის - ამის შესახებ, გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია აცხადებს.
მისი თქმით, გერმანიის პრეზიდენტი საქართველოსადმი კეთილგანწყობილი ადამიანია:
"ცერემონია ისეთია, რომ საუბრის გარკვეულ დროს ითვალისწინებს პრეზიდენტთან. შემიძლია ვთქვა, რომ კარგი საუბარი იყო. მზადყოფნა და სურვილი, რომ გაუმჯობესდეს გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები, ნამდვილად არსებობს. ეს თვითონ პრეზიდენტის მხრიდან იგრძნობა, ის ნამდვილად კეთილგანწყობილია საქართველოს მიმართ და ეს არაერთხელ დამიდასტურებია ადრეც. ის ფაქტი, რომ მოკლე ხანში ჩამოვა გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში და ის, რომ გერმანიაში საქართველოსაც ახლა უკვე ჰყავს სრულუფლებიანი ელჩი და ასევე ის, რომ ორივე მხარე დღევანდელი შთაბეჭდილებით მოწადინებულია, რომ ჩვენი ურთიერთობა დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რომელიც ისტორიულად არის ჩამოყალიბებული ჩვენ ქვეყნებს შორის, ეს ყველაფერი ნამდვილად ძალიან დამაიმედებელია,"- აცხადებს ალექსანდრე კარტოზია.