07 აგვისტო 2026,   20:19
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, Socis-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, ზელენსკი მეორე ტურში ყველა მთავარ კონკურენტთან დამარცხდებოდა

კვლევითი ორგანიზაცია Socis-ის მიერ ჩატარებული ახალი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეორე ტურში ყველა სავარაუდო მთავარ ოპონენტთან დამარცხდებოდა.

შედეგები აჩვენებს, რომ ყველაზე დიდ უპირატესობას მოქმედ პრეზიდენტთან შედარებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ინარჩუნებს.

კვლევის მონაცემებით, მეორე ტურში ზელენსკი ხმებს შემდეგი პროპორციით დათმობდა:

ვალერი ზალუჟნისთან: 33.8% – 66.2%-ის წინააღმდეგ;

მიხაილო ფედოროვთან: 36.2% – 63.8%-ის წინააღმდეგ;

კირილო ბუდანოვთან: 39.7% – 60.3%-ის წინააღმდეგ.

გამოკითხვაში მონაწილეობა 2000-მა რესპონდენტმა მიიღო. კვლევა 2026 წლის 28 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა.

გამოკითხვა არ ჩატარებულა დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ლუგანსკის ოლქში, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და იმ ზონებში, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

კვლევის სტატისტიკური ცდომილება +/- 2,6%-ს შეადგენს.

 

დღის ამბები