7 თუ 8 აგვისტო? - როდის დაიწყო საომარი მოქმედებები და რატომ შეცვალა თარიღი წლების შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ." "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ იმ ბრძანებულების მიხედვით, რომელსაც ხელს სააკაშვილი აწერს, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს საზღვარი 8 აგვისტოს გადმოკვეთა.
წლების განმავლობაშიც "ნაციონალური მოძრაობა" ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს აცხადებდა, თუმცა შემდეგ თარიღი შეცვალა.
სახელისუფლებო გუნდი ყოფილ სახელისუფლებო ძალას ევროსაბჭოს 2008 წლის რეზოლუციასაც ახსენებს. დოკუმენტი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 2 თვის შემდეგ დამტკიცდა. მე-5 და მე-11 პუნქტებში საუბარია საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებაზე, საქართველოს მხრიდან სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებასა და ომის დროს, ორივე მხრიდან ჩადენილ დანაშაულებზე. რეზოლუციას ხელი "ნაციონალური მოძრაობის" მაშინდელმა ლიდერებმა მოაწერეს, რაც, მმართველი გუნდისთვის, სააკაშვილის პარტიის მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგი დასტურია.
"ქართულ ოცნებას" ახლა ოპონენტებისგან აინტერესებს, რატომ დათანხმდნენ რეზოლუციის იმ შინაარს, რომელშიც საქართველო ომის დამწყებ ქვეყნად ჩაიწერა.
"8 აგვისტოს თვითონ სააკაშვილის ბრძანებულება მაქვს აქ, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ 8 აგვისტოს, კერძოდ, 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, როკის გვირაბის გავლით, საქართველოში შემოვიდა ასეულობით სამხედრო პირი და სამხედრო ტექნიკა. სააკაშვილის ბრძანებულება აგერ არის, პრეზიდენტი, 2008 წლის 9 აგვისტო.
მაგრამ, რატომ შეცვალეს ახლა 7 აგვისტო და რატომ გადიან ახლა 7-ში და უნდათ შეცვალონ ეს? - იმიტომ, რომ ტალიავინის დასკვნა როცა დაიდო, იქ წერია, რომ სააკაშვილის მიერ ამ ფართომასშტაბიანმა სამხედრო მოქმედებებმა გამოიწვია ომის ესკალაცია.
უფრო მეტიც, აგერ, ევროსაბჭოს რეზოლუცია, ხომ? - ევროსაბჭოს რეზოლუციაში, სადაც საქართველო და სააკაშვილი, საქართველო არის დადანაშაულებული, ამას ხელი მოაწერეს და უკვე გაიაზრეს, მიხვდნენ, რომ 8 აგვისტო კი არა კაცო, 7 აგვისტოს, რახან ამ გამოძიებამ დაადგინა, რომ 7 აგვისტოს დაიწყო ეს შეტევები და ეს პროვოკაციები და 8-ში, თურმე რუსეთი გადმოვიდა აქეთ შეტევაზე, მაშინ კითხვა დაისვა - 7-ში ვინ აქტიურობდა? და, აი, ეს რომ მიფარცხონ, ეს რომ ჩაფარცხონ, ეს რომ არ დაბრალდეს, აი, ამ მოღალატეებს, აი, ამ "ნაცფაშისტებს," ამიტომაც შეცვალეს ახლა და თურმე 7 აგვისტოს შემოვიდაო კაცო რუსეთიო და 7 აგვისტოს დაგვიწყოო.
კიდევ ერთხელ გეუბნებით, საქართველოს ომი არ დაუწყია. სააკაშვილმა, თავისი პროვოკაციებით, რუსეთთან ერთად, საქართველოს წინააღმდეგ განახორციელეს ეს ომი," - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.