მმართველი გუნდის შეფასებით, გია ბარამიძის განცხადება არა მხოლოდ უპასუხისმგებლობაა, არამედ შესაძლოა, საქართველოსა და ქართველების წინააღმდეგ საერთაშორისო არენაზე იქნას გამოყენებული.
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდის ნაცვლად, სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა, როდესაც ტყვეების დახვრეტაში უკვე მოხალისეებიც დაადანაშაულა.
"რა სიბრიყვე, რა სიგიჟე ილაპარაკა. მე ამას მინდა მივაწერო, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ეს იყოს კიდევ უფრო შორს მიმავალი განცხადება, რომ ჩვენს მტრებს მისცეს შესაძლებლობა, საშუალება, რომ საერთაშორისო არენაზე, თუ დასჭირდათ, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ეს განცხადება გამოიყენონ საქართველოს და ქართველების წინააღმდეგ. მე არ ვიცი, სიშლეგე - მეტი რა უნდა უწოდოთ ამას. იმის ნაცვლად, რომ გამოსულიყო და ბოდიში მოეხადა, ეთქვა, რომ რაღაც არასწორად წარმოვთქვიო, კიდევ უფრო დაამძიმა და თქვა, რომ არა მხოლოდ ქართველი ჯარისკაცები ხვრეტდნენ ტყვეებს, არამედ მოხალისეები ვინც იყო, ქართველი ხალხი, ისინიც არ ინდობდნენო," - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
ცნობისთვის, გია ბარამიძემ ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები სამხედრო ტყვეებს ხვრეტდნენ. საზოგადოებისა და ვეტერანების მწვავე პროტესტის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ ტყვეებს არა თავად ჯარისკაცები, არამედ "ხალხი ხოცავდა".