საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Standard & Poor’s (S&P Global Ratings) საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოს დადებითად აფასებს. ქვეყნის ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური მაჩვენებლები, გაუმჯობესებული საგარეო პოზიცია და სანდო მაკროეკონომიკური პოლიტიკა სარეიტინგო სააგენტოს მიერ პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააგენტოს ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას.
"ანგარიშში დადებითადაა მოხსენიებული საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკა, რამაც სააგენტოს შეფასებით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს საგარეო ლიკვიდობის ბუფერები და შეამცირა მისი მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
მისი განცხადებით, Standard & Poor’s-მა ასევე ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში საქართველოში საგარეო შემოდინებების გაუმჯობესებას, რასაც მომსახურების ექსპორტის დივერსიფიკაცია, საქონლის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდა განაპირობებს. ამასთან გრძელდება დედოლარიზაციის ტენდენცია. სწორედ ამ ფაქტორებმა მისცა საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი დაგროვების შესაძლებლობა.
ეკატერინე მიქაბაძის თქმით, სააგენტო დადებითად აფასებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ პოლიტიკას როგორც ფისკალური, ისე მონეტარული მიმართულებით.
"სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ზომიერად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს, რათა ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობა უზრუნველყოს. მათივე პროგნოზით, 2026 წელს საშუალო ინფლაცია 5.1 პროცენტი იქნება, რაც თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული ბანკის მიმდინარე ცენტრალურ სცენართან", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს საფინანსო სექტორიც. ნათქვამია, რომ საქართველოს საბანკო სექტორი მაღალი ლიკვიდობით, ძლიერი კაპიტალიზაციითა და მომგებიანობით გამოირჩევა, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული და საზედამხედველო პოლიტიკა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ''BB' დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა "სტაბილურიდან" "პოზიტიურამდე" გააუმჯობესა.