12 აგვისტო 2026,   18:48
ვრცლად
კომპანია amd.sigma-ს პროექტის მენეჯერი: სწორი ინფრასტრუქტურისა და საგზაო კავშირების პირობებში სრულიად შესაძლებელი იქნება ვაზიანში ძალიან კარგი აეროპორტის განვითარება

 

„ვაზიანის აეროპორტს ექნება ყველა საჭირო ობიექტი, ბაზრის განვითარების და ავიაკომპანიებისა თუ ზოგადად ავიაციის ზრდის მხარდაჭერის შესაძლებლობა, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაყვანების მიმართულებით“ - ამის შესახებ გერმანული საკონსულტაციო კომპანია amd.sigma-ს წარმომადგენელმა, პროექტის მენეჯერმა პიტერ ვინერმა განაცხადა.

კომპანია amd.sigma აეროპორტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს. პიტერ ვინერმა შეხვედრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდა პროექტის მიმდინარეობის შესახებ .

„საჭიროა ფიზიკური პროექტის, მგზავრთნაკადის განვითარების, შემოსავლების, ხარჯებისა და მთლიანი ეკონომიკის ისე აწყობა, რომ წახალისებულ იქნას კერძო სექტორისა და ინვესტორების მონაწილეობა ამ სრულიად ახალი ობიექტის განვითარებაში. უკვე დავათვალიერეთ არსებული ტერიტორია, მას აქვს ძალიან კარგი მახასიათებლები, სწორი ინფრასტრუქტურისა და საგზაო კავშირების პირობებში სრულიად შესაძლებელი იქნება ძალიან კარგი აეროპორტის განვითარება“, - განაცხადა პროექტის მენეჯერმა.

მისი შეფასებით, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარება საქართველოსთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის, როგორც კონსულტანტებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, ვიყოთ ამ პროექტში ჩართულები“, - აღნიშნა პიტერ ვინერმა.

დღის ამბები