კახა კალაძე საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟსა და ჰიბრიდულ ომზე საუბრობს.
დედაქალაქის მერის თქმით, უცხოეთიდან მართულმა ძალებმა ქართველი ერისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ახალი პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს, რომელიც სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა პლატფორმაზე ქვეყნის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციების გავრცელებას და ტურიზმის სექტორის დაზიანებას ისახავს მიზნად.
გასულ კვირას სუსმა სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია საქართველოს საერთაშორისო იმიჯის დაზიანებასა და ტურისტული ნაკადების შემცირებას ემსახურება. მისი შეფასებით, ტურისტების რაოდენობის კლება ქვეყნის ეკონომიკაზე, ბიუჯეტის შემოსავლებსა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება
„რა თქმა უნდა ეს გარკვეულწილად ემსახურება ჩვენი ქვეყნის იმიჯის დაზიანებას საერთაშორისო ასპარეზზე და სწორედ იმას, რომ გავრცელდეს არა მარტო ამ შემთხვევაში ერთ ან ორ ქვეყანაში, მთლიანად ყველა ქვეყანაში, საიდანაც რეალურად ჩვენთან ძირითადად გვსტუმრობენ ტურისტები და რეალურად შემცირდეს მათი ნაკადი. ეს მიუთითებს იმას, რომ საქართველოს არაკეთილმსურველებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტურისტების არ ჩამოსვლაზე აქ არ არის საუბარი იმიტომ, რომ ნებისმიერი ტურისტის ჩამოსვლა პირდაპირ პროპორციულად დაკავშირებულია ჩვენი ეკონომიკის ზრდასთან, თანხების შემოსვლასთან ბიუჯეტში და ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის და კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან და რა თქმა უნდა არსებობს ძალები ქვეყანაში, რომელსაც ეს არ სურთ და სწორედ ამ კამპანიას ემსახურება ყველა ის კომენტარი და ისტორია მოგონილი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ბოლო პერიოდში და დარწმუნებული ვარ, ამას სათანადო პასუხი გაეცემა შესაბამისი ორგანოების მხრიდან“, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე.