13 აგვისტო 2026,   19:24
ვრცლად
ლევან მაჭავარიანი: როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!

"სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებას და ეს დამოკიდებულება მკვეთრად მხოლოდ მაშინ იცვლება, როდესაც რუსეთმა ანალოგიური უკრაინის მიმართ განახორციელა" - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი რუსეთის მიმართ ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და კულტურის სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის დამოკიდებულებას აკრიტიკებს.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, 2008 წლის ომისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთის მიმართ დამოკიდებულება გარკვეულ ჯგუფებში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და პოზიცია მკვეთრად მხოლოდ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეიცვალა. მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის შემთხვევაში ეს შესაძლოა გარე დაკვეთას უკავშირდებოდეს, კულტურის სფეროს წარმომადგენლების ნაწილში კი - როგორც დაკვეთას, ისე არსებულ ტენდენციაზე აყოლას.

"აგენტურული ოპოზიციის და მათთან აფილირებული NGO-ების შემთხვევაში აქ ცალსახად დაკვეთას აქვს ადგილი, ხოლო კულტურის წარმომადგენლების შემთხვევაში ეს ზოგ შემთხვევაში დაკვეთაა, ზოგ შემთხვევაში კი ტრენდზე აყოლა, თუმცა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არც ერთი არ არის ჯანსაღი.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვაფიქსირებ ჩემს პატივისცემას ანსამბლ „სუხიშვილების“ სასცენო მოღვაწეობის მიმართ. თავიანთი უზარმაზარი ღვაწლით ჩვენი კულტურის წინაშე ეს ანსამბლი თავისი შემოქმედებით ჩვენი იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!", - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები