სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის ქარხნების სწრაფი განვითარების გათვალისწინებით, სომხეთს შესაძლოა უახლოეს მომავალში დამატებითი ელექტროენერგიის საჭიროება გაუჩნდეს.
მისი თქმით, ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის თვალსაზრისით, პარტნიორობა შეუძლიათ როგორც აზერბაიჯანთან, ასევე თურქეთთან, ირანთან და საქართველოსთან.
"თუ ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით სომხეთში ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობის შესახებ, ახლა უნდა ვისაუბროთ სომხეთში ელექტროენერგიის მოთხოვნის პოტენციალზე, რადგან, როგორც ხედავთ, ხელოვნური ინტელექტის (AI) ქარხნები სწრაფად ვითარდება და ელექტროენერგიას იმ რაოდენობით მოიხმარენ, რომელიც ჩვენთვის წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ჩვენს საერთო სიტუაციაში არაფერი შეცვლილა, მაგრამ ინვესტორების გეგმები, განსაკუთრებით სომხეთში ახალი ხელოვნური ინტელექტის ქარხნების მშენებლობის შესახებ, გვაიძულებს, ხელახლა შევაფასოთ ჩვენი ენერგეტიკული სტრატეგიები, რათა ამ ახალი პირობებისა და მოლოდინების დაკმაყოფილების შესაძლებლობა გვქონდეს", - თქვა ფაშინიანმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის მთავრობის სტრატეგია 100%-იანი ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაა.
"როგორ? სომხეთში მზის ელექტროსადგურებისა და შენახვის სისტემების განვითარების წყალობით. სომხეთი მზის რესურსებით უაღრესად მდიდარია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საერთაშორისო ელექტროენერგიის ვაჭრობის მიღმა დავრჩებით. ზოგჯერ შეგვიძლია ექსპორტი, ზოგჯერ იმპორტი, მათ შორის, აზერბაიჯანთან შეგვიძლია პარტნიორობისა და თანამშრომლობის დამყარება, მათ შორის ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის თვალსაზრისით, როგორც ყველა სხვა ქვეყანასთან - თურქეთთან, ირანთან, საქართველოსთან და ა.შ." - თქვა ფაშინიანმა.