აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აგრძელებს ახალი პროგრამების განხორციელებას, რომლებიც დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას და მათ შრომით ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
„ვიწყებთ პროექტს, რომელიც ჩვენი დევნილი მოქალაქეების შრომის ბაზარზე ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. აღნიშნული კუთხით ჩვენ ვიწყებთ სასწავლო კურსების დაფინანსებას ისეთ მოთხოვნად პროფესიებში, როგორიცაა დიზაინი, ციფრული მედია, მულტიმედია, საინფორმაციო ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფა. ასევე, ხორციელდება თანადაფინანსება საწარმოო ტექნოლოგიების, წარმოების, კულინარიის, კონდიტერისა და ტიხრული მინანქრის მიმართულებით.
პროგრამის თითოეული ბენეფიციარი მიიღებს მაქსიმუმ 80%-იან თანადაფინანსებას, 2000 ლარის ფარგლებში.
ასევე ვიწყებთ ახალ პროგრამებს განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით.
სახელობითი სტიპენდიები აფხაზეთიდან დევნილი, უმაღლესი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი და ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობის სტიპენდიას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების, აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის ამოქმედდა ოთხთვიანი სტაჟირების პროგრამა აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებში. შერჩეული კანდიდატები 4 თვის განმავლობაში შეძლებენ, შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება, გაიღრმაონ პროფესიული უნარები და სრულად წარმოაჩინონ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი.
აქვე არ შემიძლია არ შევეხო სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას, სადაც უკვე გაზრდილი ბიუჯეტით ვიწყებთ ჩვენი კლუბებისა და გუნდების მხარდაჭერას. ამისათვის 205 000 ლარი გამოიყო. აგრეთვე გავზარდეთ სპორტული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა და ამისთვის მადლობა მინდა ვუთხრა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს.
ამ თითოეული პროგრამის განხორციელება ცენტრალური მთავრობის მიერ გამოყოფილი დამატებითი რესურსის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს. გაზრდილი ბიუჯეტი კი ჩვენ გვაძლევს საშუალებას დავნერგოთ ახალი პროგრამები და პროექტები“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.