მმართველი გუნდი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგ ოპოზიციის კოორდინირებულ კამპანიაზე საუბრობს.
მათი თქმით, ოპოზიციამ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა არაერთ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, მათ შორის ბიზნესის მიერ აფხაზეთში საწვავის შეტანის საკითხზე.
3 000 ტონა ტვირთი, სამედიცინო დაწესებულებებისთვის იყო განკუთვნილი, რათა მძიმე პაციენტებისთვის ელექტროენერგია მიეწოდებინათ. ოპოზიციამ კი, საქართველო ომის თანამონაწილედ გამოაცხადა და ცდილობდა მტკიცებას, რომ ტვირთი რუსეთის სამხედრო ძალისთვის იყო განკუთვნილი.
მმართველი გუნდი ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და განმარტავს, რომ რუსეთის წლიურ მოხმარებასთან შედარებით ეს რაოდენობა სულ რაღაც 0.001%-ია. საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით, ოპოზიცია გარე ძალების დავალებებს ასრულებს, მათი მთავარი მიზანი კი ქვეყანაში მუდმივი დაძაბულობის შენარჩუნებაა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი აცხადებს, რომ ეს მორიგი ყალბი ნარატივია.
"რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდული კონტექსტი, აბსურდული ნარატივი იმის თაობაზე, რომ თითქოსდა რამდენიმე ათასი ტონა საწვავი, 3 000 ტონაზეა იქ ლაპარაკი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს რაღაც სხვა მიზნებით გარდა მართლაც უკიდურესი საჭიროებისა, რომელიც ჰუმანიტარულ შესაბამის მიზნებს შეიძლება უკავშირდებოდეს.
ეს არის ჩვეულებრივი ყალბი მორიგი ნარატივი, რომელიც ამ შემთხვევაში მიზნად ისახავს იმას, რომ თუნდაც ქართული ბიზნესი, რომელმაც, თავის მხრივ, შეიძლება გარკვეული პოზიტიური წვლილი შეიტანოს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის გზაზე, მაქსიმალურად იყოს გამოთიშული ამ პროცესისგან და დიალოგი იყოს ჩიხში შეყვანილი, რაც, რა თქმა უნდა თავის მხრივ, სპობს ნებისმიერ პერსპექტივას იმისა, რომ, საბოლოო ჯამში, მშვიდობიანი გზით აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რაც ასე ძალიან არ უნდათ ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ ძალებს და, რასაკვირველია, ავანგარდში ამ პროცესისა, ამ შემთხვევაში დგანან უსამშობლო აგენტები," - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.