თითქმის საუკუნეა, ყოველი წლის 19 აგვისტოს გურულები და მათი სტუმრები გურიის მთის კურორტ ბახმაროში დოღზე იკრიბებიან. ცხენი ამ საუკუნოვანი სანახაობის მთავარი და განუყოფელი ნაწილია. ამ დღეს ბახმაროში დიდიც და პატარაც ცხენზე ამხედრებული გადაადგილდება.
დოღში მონაწილეობისთვის ბახმაროში საუკეთესო მხედრები საქართველოს სხვა კუთხეებიდან ჩავიდნენ. ათობით მხედარს შორის საუკეთესოები დოღის დასრულების შემდეგ გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კიდეც.
გამარჯვებული მხედრები ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა დააჯილდოვეს. გურიის მხარეში ძალიან უყვართ ცხენები და ეს ამბავიც მთელ მსოფლიოში კარგად იციან. გურული მხედრების თავზეხელაღებული ჯირითი კი ტრადიციად და სპორტულ სანახაობად იქცა. წვიმის მიუხედავად, წელსაც ხალხმრავლობა იყო. განსაკუთრებულად გაერთნენ პატარები.
ბახმაროში მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა საბავშვო გასართობი აქტივობები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა.
სრულიად საქართველოს ფერისცვალების დღესასწაული ბახმაროდან მიულოცა ვიცე-პრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა. მამუკა მდინარაძე გურულ დოღს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ბახმაროში დოღის ტრადიციას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ სპორტული შეჯიბრი ყოველწლიურად 19 აგვისტოს იმართება.