20 აგვისტო 2026,   00:53
ვრცლად
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით სამთავროს დედათა მონასტერში წირვა აღავლინა

19 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს.

დღესასწაული განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში, რადგან სავანის მთავარი ტაძარი მაცხოვრის ფერისცვალების სახელზეა აგებული.

სადღესასწაულო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ თანამწირველ სასულიერო პირებს, მონასტრის დებსა და მრევლს ქადაგებით მიმართა, ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ქადაგების ბოლოს კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენია ქეთევანს (კოპალიანი) და სავანის წევრებს ღირსეული მოღვაწეობისთვის.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ხილი აკურთხა. ბოლოს კი ტაძრის გარშემო ლიტანიობის წესი შესრულდა.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

დღის ამბები