21 აგვისტო 2026,   23:41
ვრცლად
საგარეო ვაჭრობა გაიზარდა - საქსტატი 2026 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს აქვეყნებს

15 მილიარდ 519 მილიონი ამერიკული დოლარი - ასეთია 2026 წლის იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა. პროცენტულ ჭრილში, ეს მაჩვენებელი 7.5 %-ით მეტია, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. საგარეო სავაჭრო ბრუნვის საერთო ჯამში ექსპორტის წილი 4 მილიარდ 670 მილიონი დოლარია. ეს კი 21.6 პროცენტით ზრდაა წინა წელთან შედარებით, იმპორტი კი, 10 მილიარდ 849 მილიონი დოლარია. ზრდა ამ შემთხვევაში 2.4 პროცენტია.

10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 70.2 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულია: ყირგიზეთი - 521.2 მილიონი აშშ დოლარი, ჩინეთი - 493 მილიონი დოლარი და რუსეთი - 437.5 მილიონი. იმ ქვეყნების სამეული კი, რომლებიდანაც საქართველოში იმპორტი ხორციელდება, ასე გამოიყურება:

თურქეთი - 1 მილიარდ 652 მილიონი აშშ დოლარი, რუსეთი - 1 მილიარდ 400 მილიონი და ჩინეთი - 1 მილიარდ 299.7 მილიონი აშშ დოლარი.

საგარეო ვაჭრობის ბრუნვის გაზრდის პარალელურად, 2026 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში, სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტზე ყველაზე დიდი რაოდენობით, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობპროდუქტები და ძვირფასი ლითონები გავიდა.

დღის ამბები