სამართალდამცველებმა რეიდების სერია გამთენიისას დაიწყეს და მოქმედი და ყოფილი დეპუტატების, ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის სახლებში და ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა მუდრაია, მოქმედი დეპუტატი ვადიმ სტოლარი, კლიჩკოს პარტიის ყოფილი დეპუტატი მაქსიმ მიკიტასი, იუსტიციის სამინისტროს და სახელმწიფო ბანკის მაღალჩინოსნები - გაირკვა, რომ ჯგუფმა დანაშაულებრივი ორგანიზაცია შექმნა და თანხები გაათეთრა.
სქემის მონაწილეებმა გათეთრებული ფულით ენერგეტიკის სფეროში მრავალმილიონიანი კორუფციული ქსელის, ე.წ. "მიდასის" საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, გერმან გალუშჩენკოს სასამართლო გირაო გადაიხადეს. უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და ანტიკორუფციულმა პროკურატურამ დანაშაულებრივი საქმიანობის ამსახველი ვიდეო, ფოტო და აუდიო მტკიცებულებებიც გაასაჯაროვეს. უწყებების ცნობით, ჯგუფმა ფინანსურ ინსტიტუტზე გავლენის დამყარების შემდეგ ამ მიზნით 150 მილიონი გრივნის მობილიზება შეძლო.
უკრაინის ხელისუფლებასთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალის ფონზე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი. მიხაილო ფედოროვი საგანგებო მიმართვას ავრცელებს და ქვეყანაში არსებულ სისტემურ კრიზისზე, ასევე უმაღლეს რადაში კერძო ინტერესებზე და ფარულ გავლენებზე ამახვილებს ყურადღებას. საკანონმდებლო ორგანოში კორუფციაზე საუბრისას, ვიდეოში ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას კადრებია ნაჩვენები.
რადაში სხდომაზე ოპოზიციამ ქვეყანაში მმართველობით კრიზისზე ისაუბრა და პრეზიდენტ ზელენსკისგან საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განმარტებები მოითხოვა.
ვიდრე პარლამენტარები ზელენსკის საკადრო გადაწყვეტილებებზე მსჯელობდნენ, საკანონმდებლო ორგანოსთან დემონსტრანტები მობილიზდნენ. აქციის მონაწილეები თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ევგენი ხმარის დანიშვნას აპროტესტებენ და პოსტზე მიხაილო ფედოროვის დაბრუნებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით უკრაინის უმსხვილეს ქალაქებში მრავალათასიანი აქციები უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს.
ამ დრომდე უცნობია დააკმაყოფილებს თუ არა უკრაინის პრეზიდენტი დემონსტრანტების მოთხოვნებს, გაიზიარებს თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინიციატივას და გამართავს თუ არა მოლაპარაკებებს ოპოზიციონერ დეპუტატებთან. დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება გაავრცელა , რომლითაც საკუთარი ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, ირინა მუდრაია, თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე