29 აგვისტო 2026,   02:16
ვრცლად
წყალდიდობის და მეწყრული პროცესების განმეორების საშიშროება - მესამე დღეა 10 000-ზე მეტი მაშველი, პოლიციელი, სამხედრო და მოხალისე ჰიმალაის მთებში მასშტაბურ სამძებრო ოპერაციას ატარებს

უკვე მესამე დღეა ათი ათასზე მეტი მაშველი, პოლიციელი, სამხედრო და მოხალისე ჰიმალაის მთებში მასშტაბურ სამძებრო ოპერაციას ატარებს. სტიქიური უბედურების ზონაში, ცოცხალ ძალასთან ერთად მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ავიაცია. ტერიტორიის დასაზვერად იყენებენ 3D მოდელირების ტექნოლოგიებს, თუმცა ძალისხმევას წყალდიდობის და მეწყრული პროცესების განმეორების საშიშროება აფერხებს.

იზრდება მსხვერპლის რაოდენობა. ცნობილია, რომ დამანგრეველი სტიქიის შედეგად 543 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია სულ მცირე 1,545. უსაფრთხო ადგილას ევაკუირებულია 3,253-ზე მეტი. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთო რაოდენობა კი 1,500-ს აჭარბებს. მათ შორისაა 660-მდე უცხოელი ტურისტი და პილიგრიმი.

სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოსახლეობა მოწყვეტილია გარე სამყაროს, განადგურებულია გზები და გათიშულია კომუნიკაციები. დაზარალებულ რაიონებს არ მიეწოდება ელექტროენერგია, არ არის მოწყობილი თავშესაფარი. ხელმიუწვდომელია სასმელი წყალი და საკვები. ანტისანიტარიის გამო კი ეპიდემიის გავრცელების რისკიც შეიქმნა.

გაეროსთან ერთად იგეგმება მოსახლეობისთვის საკვების და პირველადი საჭიროების ნივთების მიწოდება. ნეპალს დახმარება არაერთმა ქვეყანამ უკვე შესთავაზა, მათ შორის ინდოეთმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ჩინეთმა. სამხრეთ კორეამ გაგზავნა რეაგირების გუნდი, თუმცა ნეპალის მთავრობამ ოფიციალური უცხოური სამაშველო ბრიგადების მიღებაზე უარი განაცხადა და განმარტა, რომ სიტუაციას საკუთარი ძალებით გაუმკლავდება.

ნეპალში მომხდარმა სტიქიამ გაანადგურა ათობით სოფელი და დასახლება, 40 კილომეტრამდე გზა, ათობით ხიდი, ჰიდროელექტროსადგურები, საავადმყოფო და ტელეკომუნიკაციის ქსელები. სრულად განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ცნობილია, რომ ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგურის გვირაბში, ამ დრომდე 100-მდე მუშაა ჩარჩენილი.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები