ზარების რეკვა საზეიმო ღვთისმსახურების დაწყებას გვამცნობს. მორწმუნეებისთვის განსაკუთრებულ დღეს ტაძრები მრევლით ივსება.
დილიდან ხალხმრავლობა იყო სიონის საპატრიარქო ტაძარში. ხელში ანთებული სანთლებით შეკრებილი მრევლი ერთმანეთს დღესასწაულს ულოცავდა.
მარიამობას წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდა.
სიონის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვა დილის 10 საათზე დაიწყო.
სადღესასწაულო ღვთისმსახურება საუკუნოვან ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა.
ქრისტიანული სამყარო ყოვლადწმინდა სამების შემდეგ ღვთისმშობელ მარიამს ადიდებს.
საეკლესიო სწავლებით, იესო ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ ღვთისმშობელი ხშირად ევედრებოდა უფალს, მალე მიეღო მისი სული სასუფეველში. ერთხელ, ლოცვის დროს, მარიამს გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა და ახარა, რომ სამი დღის შემდეგ მიიძინებდა.
საეკლესიო სწავლების თანახმად, იესო ქრისტემ თავისი მშობლის წმინდა და უბიწო სული ზეცად აამაღლა. ეკლესიამ ამ მოვლენას მიძინება უწოდა და ქრისტიანული სამყარო მას 28 აგვისტოს ზეიმობს.
შიო მესამემ წირვის დასრულების შემდეგ მრევლი აზიარა. ბოლოს კი, ტრადიციულად, მორწმუნეებს ქადაგებით მიმართა, დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა. საქართველოს პატრიარქმა აღნიშნა, რომ ეს პირველი ღვთისმშობლობაა ილია მეორის გარეშე.
მარიამობა უდიდეს თორმეტ დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია. ის ღვთისმშობლის შობისა და ტაძრად მიყვანების დღეებთან ერთად უშუალოდ მარიამ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.
დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი