რეკორდული მგზავრთნაკადი და ფრენების გაზრდილი რაოდენობა - საქართველოს რეგიონული აეროპორტების დატვირთვა ყოველწლიურად იზრდება. ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორები რეგიონებში მოსახვედრად საავიაციო რეისებს სულ უფრო ხშირად ირჩევენ.
შთამბეჭდავი ხედები, უნიკალური ძეგლები, გამორჩეული კულინარია და უძველესი ტრადიციები - კახეთისა და სვანეთის ტურისტული მარშრუტები სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს. მზარდი მოთხოვნის ფონზე, სისწრაფისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად, აეროპორტების ტერმინალები შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ. მალე ორივე რეგიონს მაღალი გამტარუნარიანობის სამგზავრო ტერმინალები შეემატება.
სვანეთის სტუმრებს გაზრდილი შესაძლებლობებით მოემსახურება მესტიის ახალი სამგზავრო ტერმინალი. პროექტი ადგილობრივი კლიმატისა და სვანური არქიტექტურის თავისებურებების გათვალისწინებით მომზადდა. თანამედროვე ინფრასტრუქტურა წელიწადში, დაახლოებით, 50 000-მდე მგზავრს მოემსახურება. შენობის დიზაინმა საერთაშორისო კონკურსში აღიარება უკვე მოიპოვა.
რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენასა და საჰაერო ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას მოემსახურება ახალი სამგზავრო ტერმინალი თელავშიც. თანამედროვე და ფუნქციური სამგზავრო ინფრასტრუქტურა ტურისტული და საქმიანი ნაკადების ზრდაზეა გათვლილი. აეროპორტი წელიწადში დაახლოებით 50 000 მგზავრს მიიღებს.
აეროპორტების ახალი ტერმინალების მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. პროექტები პარალელურ რეჟიმში განხორციელდება. მიზანი, რეგიონული აეროპორტების ქვეყნის ერთიან საავიაციო ქსელში ინტეგრირებაა. ორივე პროექტი საქართველოს რეგიონული აეროპორტების განვითარების ერთიანი ხედვის ნაწილია.