30 აგვისტო 2026,   04:57
ვრცლად
შეწყალების აქტი - მიხეილ ყაველაშვილმა 226 მსჯავრდებული გაათავისუფლა, მათ შორის არიან საპროტესტო აქციების დროს სხვადასხვა დანაშაულისთვის მსჯავრდებულები

მსჯავრდებული საბა ჯიქია საპყრობილედან მას შემდეგ გამოვიდა, რაც პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სხვა 225 პატიმართან ერთად შეიწყალა. ჯიქია ძალადობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეა. 2024 წლის 1-ელ დეკემბერს მან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ფიზიკური ზიანი მიაყენა. მსჯავრდებულმა დანაშაული აღიარა და საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა.

ჯიქიასთან ერთად სასჯელაღსრულების დაწესებულება აქციებზე ექსტრემისტულ ქმედებებში ჩართულმა კიდევ 8 პირმა დატოვა, მათ შორისაა დავით ხომერიკი. ხომერიკს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, რადგან აქციაზე, მნიშვნელოვანი ზიანისა და სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით, ასაფეთქებელი ნივთიერება გადაიტანა და კონკრეტულ ადგილას განათავსა. ძალადობრივი აქციების მონაწილეებთან ერთად, პენიტენციური დაწესებულებიდან სხვადასხვა დანაშაულში მხილებული კიდევ 207 პირი გამოვიდა.

ცნობილია, რომ ყველა გათავისუფლებულმა პატიმარმა დანაშაული აღიარა და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. მათ შორის გურამ ხუტაშვილი და დანიელ მუმლაძეც არიან, რომლებმაც ძალადობრივი აქციების დროს რუსთაველზე 112-ის კამერები დააზიანეს. გათავისუფლდა ფრიდონ ბუბუტეიშვილიც, რომელმაც პარლამენტის ჭიშკარი დააზიანა. შეწყალება შეეხო 4 ოქტომბრის არშემდგარი რევოლუციის მონაწილე 3 პირს - სიმონ მახარაძეს, ავთანდილ თოფჩიშვილს და თორნიკე მჭედლიშვილს. ისინი ძალადობრივი მოვლენების დროს სამართალდამცველების მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ასევე ახორციელებდნენ სხვა აქტიურ ძალადობრივ მოქმედებებს, მათ შორის ჰქონდათ პრეზიდენტის სასახლეში შეღწევის მცდელობა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სახელმწიფო ჰუმანურ მიდგომას გამოიჩენს ყველას მიმართ, ვინც დანაშაული გააცნობიერა და მოინანია. კანონმდებლების თქმით, ეს ხელისუფლების მიერ დიდი ხნის წინ გაცხადებული პოზიციაა, რაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებამაც დაადასტურა.

დანაშაულის აღიარებისა და პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვის გამო გათავისუფლებულებს ოპოზიცია აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტები იმ მსჯავრდებულებს, რომლებსაც ერთ დროს გმირებს უწოდებდნენ, დღეს გადაწყვეტილებას უწუნებენ.

ოპოზიციონერების რეაქცია არ გაკვირვებიათ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლები აცხადებენ, რომ ოპონენტები გარე დავალების შესაბამისად მოქმედებენ. მსჯავრდებულთა გათავისუფლება და მათი მხრიდან დანაშაულის აღიარება კი, ოპოზიციის იმ გეგმას უშლის ხელს, რომელიც უცხოელი აქტორების დაკვეთით ხელისუფლების უსაფუძვლო კრიტიკასა და სახელმწიფო უწყებებზე ზეწოლას ემსახურება.

მიხეილ ყაველაშვილმა სულ 226 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან 217 სასჯელს საპატიმროში იხდიდა, ექვსს არასაპატიმრო სასჯელი ჰქონდა შეფარდებული, სამ პირს კი ნასამართლეობა მოეხსნა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უმაღლესმა მთავარსარდალმა გადაწყვეტილება კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო. პატიმრების შეწყალება კი ჰუმანიზმის პრინციპსა და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება.

დღის ამბები