მეორე შანსი აბიტურიენტებს - განათლების სამინისტრო მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას აძლევს მათ, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა. ასეთი სულ 1 795 აბიტურიენტია.
გივი მიქანაძის განცხადებით, მათ მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა ჰქონდათ არჩეული, რომელზე ჩარიცხვისთვისაც მიღებული ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა.
პრემიერის ინიციატივით, ასეთი აბიტურიენტებისთვის მხოლოდ წელს, გამონაკლისის სახით, მეორადი ჩარიცხვის სისტემა ამოქმედდება.
გადაწყვეტილებას პოლიტიკური სპეკულაციები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. მათი ნაწილი ამას საკუთარ გამარჯვებად აფასებს. მმართველ გუნდში ოპონენტების პოზიცია არ უკვირთ, რადგან, მათი შეფასებით, ოპოზიცია უმოქმედოა და რეალურად ვერაფერს აკეთებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიციისთვის უცხო არაა პოზიტიური სიახლეების საკუთარ დამსახურებად მიჩნევა.
"ასეთი წარმატებით შეუძლიათ, ჩვენს ნებისმიერ რეფორმაზე, მიღებულ სწორ გადაწყვეტილებაზე იძახონ, რომ მათი მიღწევაა. რა თქმა უნდა, ეს სრული აბსურდია. მათ არაფერი არ აკავშირებთ იმ სწორ გადაწყვეტილებებთან, რომელსაც პრემიერი თუ ჩვენი გუნდის სხვადასხვა წევრები და სხვადასხვა პოზიციებიდან გამომდინარე ადამიანები იღებენ.
ეს იყო საკითხი, რომელიც პრემიერმა სათანადოდ დაინახა და შეაფასა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ, მისი პირადი ინიციატივით და გადაწყვეტილებით, 1 800-მდე აბიტურიენტს მიეცა საშუალება, რომ ხელახლა აირჩიოს თავისი პროფესია და მეორადი ჩარიცხვის პროცესი განხორციელდეს.
თუმცა დავუზუსტებ, რომ ეს ყოველწლიურად ხდებოდა, ყოველ წელს აბიტურიენტების რაღაც ნაწილი ლახავდა იმ მინიმალურ ზღვარს, მაგრამ ვერ ხვდებოდა იქ, სადაც მათ შერჩეული ჰქონდათ სპეციალობები, თუმცა მხოლოდ წელს, პრემიერ-მინისტრმა გამონაკლისის სახით დაუშვა ის, რომ მათ შეიძლება, რომ თავიდან აირჩიონ პროფესიები", - განაცხადა ნინო წილოსანმა.