უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ნანი ბრეგვაძის შემოქმედების გაშარჟებით გამოწვეულ კრიტიკას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში „აკაცუკების“ პოზიცია ორმაგ სტანდარტს ეფუძნება.
მისი თქმით, დღეს ადამიანები, რომლებიც წარსულში ქართული ინტელიგენციისა და საყოველთაოდ აღიარებული ავტორიტეტების წინააღმდეგ აგრესიულ კამპანიებს აწარმოებდნენ, ცოცხალი ლეგენდების კრიტიკას ახლა „მკრეხელობად“ და „ეროვნული სიწმინდის შელახვად“ წარმოაჩენენ.
"აკაცუკური ლოგიკა - ნანი ბრეგვაძის შემოქმედების გაშარჟებაზე აკაცუკების მიერ ატეხილმა წიოკმა დაგვანახვა, რომ თურმე დღევანდელ საქართველოში არსებობენ ხელშეუხებელი ავტორიტეტები, კუმირები, ერის სიმბოლოებად ქცეული ცოცხალი ლეგენდები, რომელთა სახელის და შემოქმედების კრიტიკულ კონტექსტში ხსენება ან გაშარჟება, ყველას მიერ უნდა აღიქმებოდეს მკრეხელობად და ეროვნული სიწმინდის შელახვად, ხოლო ვინც ამას გაბედავს, ისინი ნამდვილმა “პატრიოტმა ერის შვილებმა” ლინჩის წესით უნდა ჩაქოლონ და ჩააქვესკნელონ.
ამას ის ხალხი აცხადებს, ვინც სულ ორი ათეული წლის წინ ლაფში სვრიდა მთელ ქართულ ინტელიგენციას, ი.ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორებს ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტში კეტავდნენ, წყლის დალევის საშუალებას არ აძლევდნენ, ტუალეტით სარგებლობას უკრძალავდნენ, შემდეგ კი ყველანი ერთად ჩარეცხეს.
ეს ის ხალხია, ვინც არ ერიდებოდა საყოველთაოდ აღიარებული ავტორიტეტის (პატრიარქის) მოხსენიებას უარყოფით და შეურაცხმყოფელ კონტექსტში, ისინი ვინც დღესაც არ აკლებს არათუ კრიტიკას ან გაშარჟებას, არამედ უკიდეგანო ლანძღვა-გინებას ნანი ბრეგვაძეზე არანაკლები მასშტაბის ცნობილ ქართველებს.
ნანი ბრეგვაძის მაღალი დონის პროფესიონალიზმს და შემოქმედებით ბიოგრაფიას ჩვენც სათანადოდ ვაფასებთ, მაგრამ როდესაც ის სამოქალაქო აქტივობაში ჩართვას ცდილობს და ბევრისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს, ამ შემთხვევაში საზოგადოებას სრული უფლება აქვს ობიექტურად შეაფასოს (მათ შორის გაშარჟებით) მისი სამოქალაქო პოზიცია და არა მისი პროფესიონალიზმი.
ზოგი ამბობს, როგორ შეიძლება 90 წლის ღვაწლმოსილი შემოქმედის პოზიციის განქიქებაო, მაგრამ ასეთებს ავიწყდებათ, რომ მიუღებელ ავტორიტეტებთან ბრძოლა (ხშირად მიუღებელი მეთოდებით) სწორედ მათი მოგონილი და დანერგილია.
ოღონდ ისინი უფრო შორს მიდიან და საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებად არა უბრალოდ, ვინმესთვის რამის დაბრალებას, არამედ უშვერი სიტყვებით ლანძღვა გინებას არჩევენ პრიორიტეტად.
მაგალითად, გავიხსენოთ როგორ შეურაცხყოფენ ასეთები არანაკლებ დიდ ხელოვანს და ასევე 90 წელს მიღწეულ რობერტ სტურუას.
საყოველთაოდ ცნობილია მაგალითი, როდესაც ერთ-ერთი აბორიგენი ტომის წარმომადგენლები დიდ უბედურებად მიიჩნევენ, თუ მეზობელი ტომის წარმომადგენლები ხოცავენ მათი ტომის კაცებს და აუპატიურებენ მათ ქალებს, მაგრამ ამ აბორიგენებს დიდ სიკეთედ მიაჩნიათ, როდესაც თვითონ ისინი იგივე ქმედებას ჩადიან მეზობელი ტომის მიმართ.
ჩვენი აკაცუკების ლოგიკაც სწორედ ასეთი პრიმიტიული აზროვნების მასშტაბს ვერ არიან გაცდენილები, ამიტომაც იგდებენ ხოლმე ხშირად თავს ასეთ სასაცილო მდგომარეობაში." - წერს კაკაბაძე.