სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. ლევან იოსელიანის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს არც საპატიმრო პირობებზე ან ადმინისტრაციის მხრიდან მის მიმართ მოპყრობაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს.
ლევან იოსელიანის განცხადებით, მას პრეტენზია ჰქონდა პაემნის გაუქმების საკითხზე. სახალხო დამცველის ამ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური გამოეხმაურა, უწყება განმარტავს, რომ პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა - მსჯავრდებულ ღარიბაშვილს პაემნის ლიმიტები სრულად აქვს ათვისებული.
"ბატონ ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში, გავეცანი მისი ციხეში ყოფნის პირობებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ყველა საკითხზე ვესაუბრე, რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, კვებას და ასე შემდეგ. ყველაფერზე მივიღე ამომწურავი ინფორმაცია.
რაც შეეხება იმ პერიოდში რატომ ვერ მოხერხდა პაემნების ჩანიშვნა, ციხის ადმინისტრაციის განმარტებით, ეს უკავშირდება ინფრასტრუქტურულ საკითხებს, თუმცა სამომავლოდ კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო, რომ ციხის ადმინისტრაციას რაიმე ტიპის პრინციპული წინააღმდეგობა, რომ ბატონ ირაკლის მიმართ გაგრძელდეს ის დამოკიდებულება, რომელიც ჰქონდა აქამდე, ანუ ის პერიოდულად ღებულობდა წამახალისებელ პაემნებს, შეხვედრების შესაძლებლობას, ასეთი ტიპის შესაძლებლობა გაგრძელდება," - აცხადებს იოსელიანი.