ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, დღეს საქალაქო სასამართლოში თაზო დათუნაშვილი და ხატია დეკანოიძე გამოკითხეს. მათ გამოძიების შეკითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხეს.
ისინი აცხადებენ, რომ ჯორბენაძის საქმეს არ იცნობენ და მომხდარის შესახებ ღარიბაშვილის წერილიდან გაიგეს. პოლიციის მთავარ სამმართველოში ამ წუთებში იმყოფება ირმა ინაშვილი.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ბატონი ღარიბაშვილის და აგენტურული ოპოზიციის ნარატივი ერთი-ერთში ჯდება და ისინი იმეორებენ ერთმანეთის ნათქვამებს.
"როდესაც რაღაცა სპეკულაცია დაიწყეს ადამიანის სუიციდით, თვითმკვლელობით, ეს უკვე რაღაც სხვა დონეზე დაცემა იყო და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. პროკურატურამ, ასე ვთქვათ, დაიბარა ადამიანთა ჯგუფი, რომელიც გამოესარჩლა ბატონი ღარიბაშვილის წერილს, თითქოს ყველამ იცოდა ამ სუიციდის შესახებ, რომ თითქოს რაღაც სხვანაირად იყო მოვლენები განვითარებული, როდესაც მათ იგრძნეს, რომ ამ ტყუილის გამო შეიძლება დაკისრებოდათ კონკრეტული პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, აღმოჩნდა, რომ არავის არაფერი არ სცოდნია. მათ შორის, ბატონი ღარიბაშვილის ადვოკატმაც დაადასტურა ის, რომ ბატონ ღარიბაშვილსაც აბსოლუტურად არანაირი დეტალი არ სცოდნია და ეს უბრალოდ რაღაცა ჭორაობა იყო. არავინ მიამიტი არ არის, რომ ვერ შეამჩნიოს, რომ ერთხმად საუბრობენ ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი გვარამია, ქალბატონი ლომჯარია, ქალბატონი დეკანოიძე და ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ბატონი ღარიბაშვილის და ამ აგენტურული ოპოზიციის ნარატივი ერთი ერთში ჯდება და ისინი იმეორებენ ფაქტობრივად ერთმანეთის ნათქვამებს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
გამოძიების ფარგლებში, უკვე გამოკითხეს ნიკა გვარამია, გია ხუხაშვილი, გიორგი გიგაური და თავად ირაკლი ღარიბაშვილიც, რომლის წერილსაც უმრავლესობაში"ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებულ კონსპირაციად და მმართველი გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.