05 სექტემბერი 2026,   08:41
ვრცლად
გერმანიაში ცხოვრების მაღალი დონე იკარგება, მმართველი კოალიციის ავტორიტეტი ვარდება, ამით სარგებლობს მეორე პოლიტიკური ძალა და ცდილობენ, მოგონილი ზღაპრებით დაუპირისპირდნენ, თითქოს ეს არის ულტრამემარჯვენე ძალა - გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, გერმანიის მმართველი კოალიციის რეიტინგის ვარდნით, ოპოზიციური პოლიტიკური ძალა სარგებლობს, რომელსაც მოგონილი ზღაპრებით უპირისპირდებიან.

ვოლსკი გერმანიაში პარტიის "Alternative for Germany" ("AfD") ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების ფონზე, ხელისუფლება მზარდი რეიტინგის მქონე ოპოზიციას ექსტრემისტულ ძალად მიზანმიმართულად წარმოაჩენს.

"ციფრები არის ძალიან მეტყველი და ძალიან მძიმე და შემაშფოთებელი გერმანული საზოგადოებისათვის, რომელიც მიეჩვია კმაყოფაში ყოფნას, მაღალ შემოსავალს და ცხოვრების მაღალ დონეს. ეს იკარგება, მმართველი კოალიციის ავტორიტეტი ვარდება და, რასაკვირველია, ამით სარგებლობს მეორე პოლიტიკური ძალა. ამ პოლიტიკურ ძალას ცდილობენ დაუპირისპირდნენ რაღაც მოგონილი ზღაპრებით, თითქოს ეს არის ულტრამემარჯვენე თუ ექსტრემისტული ძალა. ეს არის მთლიანი სურათი, რაც გერმანიაში დაიხატა," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

ცნობისთვის: გერმანიაში მთავარი ოპოზიციური პარტია "Alternative for Germany" ("AfD") სახელისუფლებო ბლოკის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლის სამიზნეა და აკრძალვის საფრთხის წინაშე დგას. ქალაქ Bad Kreuznach-ში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, პარტიის წარმომადგენლებს ქიმიური ნივთიერება შეასხეს, რის შედეგადაც 9 ადამიანმა მძიმე დამწვრობა მიიღო. ძალადობრივი ინციდენტი 6 სექტემბერს დაგეგმილ არჩევნებს ემთხვევა, სადაც, გამოკითხვებით, ოპოზიციური პარტია 42 პროცენტამდე უპირატესობით ლიდერობს. მზარდი რეიტინგის ფონზე, გერმანიის მაღალჩინოსნები საკონსტიტუციო სასამართლოსგან პარტიის ოთხი რეგიონული ორგანიზაციის დაუყოვნებლივ აკრძალვას ითხოვენ, რასაც თავად პარტია ხელისუფლების მიერ დაგეგმილ კამპანიად აფასებს.

დღის ამბები