08 სექტემბერი 2026,   03:09
ვრცლად
მთელი იტალიის მასშტაბით, რკინიგზის თანამშრომლები 7 სექტემბრის 21:00 საათიდან 8 სექტემბრის 21:00 საათამდე გაფიცვას გეგმავენ

მთელი იტალიის მასშტაბით, რკინიგზის თანამშრომლები 7 სექტემბრის 21:00 საათიდან, 8 სექტემბრის 21:00 საათამდე გაფიცვას გეგმავენ. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მგზავრებს შეიძლება დისკომფორტი შეექმნათ გაფიცვის წინა საათებში და გაფიცვის დასრულების შემდეგაც, რადგან რკინიგზის ქსელის მუშაობაში ცვლილებები იქნება.

როგორც euronews-ი წერს, იმ მგზავრებისთვის, რომლებიც რეგიონული მატარებლების მომსახურებას ყოველდღიურად იყენებენ, გარანტირებული სამუშაო საათები არსებობს, თუმცა ამ საათების მიღმა, შესაძლოა ტრანსპორტის მომსახურება გაუქმდეს ან შეფერხდეს.

სამუშაო დღეებში, გარანტირებული მომსახურება მუშაობს დილის 6:00 საათიდან დილის 9:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათიდან 21:00 საათამდე.

ამ საათების მიღმა, მგზავრებს შესაძლოა მთელი ეროვნული სარკინიგზო ქსელის მასშტაბით ისეთი პრობლემები შეექმნათ, როგორიცაა რეისის გაუქმება, დაგვიანება ან მარშრუტის შეცლა.

კომპანია Trenitalia მგზავრებს ურჩევს, მგზავრობამდე შეამოწმონ რეისის სტატუსი, აპლიკაციის ან ოფიციალური ვებსაიტის მეშვეობით.

გაფიცვამ გავლენა ასევე მოახდინა მაღალსიჩქარიან და საქალაქთაშორისო მატარებლებზე და რეგიონული მატარებლებისგან განსხვავებით, მათ მომსახურების გარანტირებული დრო არ აქვთ. ამიტომ, მგზავრებს ურჩევენ, წინასწარ შეამოწმონ მგზავრობის სტატუსი.

როგორც მედია განმარტავს, მგზავრებს შეუძლიათ სრული თანხის დაბრუნება მოითხოვონ, თუმცა მოთხოვნის წარდგენის ვადები მომსახურების ტიპის მიხედვით განსხვავდება.

Frecce-სა და Intercity-ის მატარებლებისთვის თანხის დაბრუნების მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია გაფიცვის გამოცხადების მომენტიდან მატარებლის დაგეგმილ გამგზავრებამდე.

რეგიონული მატარებლებისთვის მოთხოვნები წარდგენილი უნდა იყოს გაფიცვის წინა დღის შუაღამემდე.

ამასთან, თანხის დაბრუნების ალტერნატივად, მგზავრებს ასევე შეუძლიათ სხვა მარშრუტით იმავე პირობებით იმოგზაურონ, თუ ბილეთები იქნება ხელმისაწვდომი.

euronews-ის ინფორმაციით, პროფკავშირები გაფიცვას მართავენ უკეთესი სამუშაო პირობების, გაუმჯობესებული უსაფრთხოებისა და სარკინიგზო სექტორში უკეთ ორგანიზებული ცვლების მოთხოვნით.

დღის ამბები