09 სექტემბერი 2026,   05:31
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და DTRA-ს თანამშრომლობით, მასობრივი ღონისძიებების დროს ქიმიურ და ფეთქებად ნივთიერებებზე რეაგირების პრაქტიკული სწავლება ჩატარდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით, მცხეთაში მასობრივი ღონისძიებების დროს ქიმიურ საფრთხეებსა და ფეთქებადი ნივთიერების გამოყენებაზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება-NEXUS Georgia 2026 ჩატარდა.

ღონისძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა თადუმაძე, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე ირაკლი ჭიჭინაძე და უწყებების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

საველე-პრაქტიკული სწავლების მიზანს საქართველოს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას შორის კოორდინაციის ეფექტიანობის ამაღლება და ქბრბ საფრთხეებზე ეროვნული რეაგირების შესაძლებლობების შეფასება წარმოადგენდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

სწავლების დროს ქბრბ ინციდენტებზე მორეაგირე შესაბამისი უწყებების ინციდენტის ადგილზე კოორდინირებული საქმიანობის ეფექტიანობა და მასების მართვის შესაძლებლობა დაიტესტა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველად ჩატარდა ამ მასშტაბის სიმულაციური სწავლება, რომელიც მასობრივი თავშეყრის ადგილებში ქიმიურ და შესაძლო ტერორისტულ ინციდენტებზე სახელმწიფო უწყებების რეაგირების მზადყოფნას აფასებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს მრავალწლიანი და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს.

DTRA მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის განვითარებასა და მდგრადობის ამაღლებას.

დღის ამბები