მეცნიერება, კვლევა, უსაფრთხოება და თავდაცვა - პარიზში კოსმოსის საერთაშორისო სამიტი იმართება, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება.
ღონისძიებაზე დღეს სიტყვით გამოვიდა და საკუთარი ხედვები წარადგინა ემანუელ მაკრონმა.
"ეს სამიტი მსოფლიო მასშტაბისაა და ჩვენ ვმასპინძლობთ 90-ზე მეტ სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურს. თქვენი აქ ყოფნა ბევრს ამბობს იმ საერთო ამბიციაზე, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ. კოსმოსური სფერო თანამშრომლობის საფუძველზე იქმნება. ჩვენი ამბიცია სანდოა. კოსმოსი ყველგან არის. ამიტომ, ეს სამიტი ძალისა და დიალოგის გზავნილს ატარებს.
გამოწვევებზე პასუხის გასაცემად აუცილებელია საერთო მმართველობა, რომელშიც ყველა აქტიური ძალა იქნება ჩართული. სწორედ ეს არის ამ სამიტის ერთ-ერთი მიზანიც. დიახ, ჩვენ ვიმყოფებით ვალდებულებების აღების სამიტზე. 90 ქვეყანა, დაახლოებით 50 ძალიან კონკრეტული შეთანხმება და ვალდებულება, რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები სრულყოფილად ასახავს ჩვენს საერთო ამბიციას.
მოგიწოდებთ ძლიერი ხედვით გავაერთიანოთ სახელმწიფოები. ამისთვის, ევროკავშირმა სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ამბიციურ, მკაფიო და მომთხოვნ კოსმოსურ პოლიტიკაზე პოლიტიკური ხელმძღვანელობის კუთხით", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ავტორი: ნანა გოგატაძე