ოპოზიციის პოლიტიკური კრიზისი, საჯარო კრიტიკა და ბრალდებები ახალ ფაზაში გადადის. ნიკა გვარამიასთვის ანა წითლიძე "უღირსი და ურეპუტაციო ალქაჯი" და "ნაციონალური მოძრაობის" სირცხვილია. წითლიძეს კი ერთი მთავარი ეპითეტი აქვს გვარმიაზე - "გამყიდველი." ის "ახლების" ლიდერს რესურსების განიავებასა და მითვისებაში ადანაშაულებს.
"ამბობენ სააკაშვილს უღალატაო - შეიძლება სხვის ცოლს უღალატო? ვერ უღალატებ! მე არ ვყოფილვარ მათი პარტიის წევრი" - აცხადებს გვარამია, რომელიც ენმ-ს ოფიციალური წევრი არა, თუმცა პარტიის იდეოლოგი იყო. მეტიც, იყო ჩრდილოვანი მმართველი, როგორც ამას დღეს თვითონ "ნაციონალური მოძრაობიდან" ამბობენ.
"ჩამოშლილი" ნაცმოძრაობიდან პრეტენზიებს ვერ იღებს, მით უმეტეს, ანა წითლიძისგან, რომელიც არც თანასწორად მიაჩნია და არც დამოუკიდებლად მოქმედ ფიგურად. ნიკა გვარამიამ იცის, ვინ ანაწილებს პარტიაში როლებს და ვის ავალებს მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ პერსონებზე შეტევას. ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი იტყუება, ნულოვანი წონის პოლიტიკოსთან დებატებს კი არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გილაურთან 40 მილიონიანი გარიგების თემა დღის წესრიგიდან არ იხსნება.
გვარამია მისი მისამართით საჯაროდ დასმულ კითხვებს პირად ანგარიშსწორებად აფასებს და პოლიტიკურ კორუფციაში, პირიქით "ნაციონალურ მოძრაობას" ამხელს.
ანა წითლიძე არც ამ განცხადებების შემდეგ გააჩუმეს. ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში მალევე უპასუხა, რომ წონა სიმართლის ლაპარაკია და ისევ საჯაროდ მოუწოდა გილაურთან შუამავალი "ნაციონალის" დასახელებისკენ, რომლის ვინაობასაც გვარამია ამ დრომდე ინტრიგად ტოვებს.
"ახალის" ლიდერი დღეს მხოლოდ მისმა ახალმა პარტნიორმა დაიცვა, თუმცა მხოლოდ სააკაშვილის კრიტიკის ხარჯზე. თამარ ჩერგოლეიშვილმა დაშლილი ალიანსიდან მოიწერა, რომ "ნაცმოძრაობას" გადარჩენა არ უწერია.
ფული იდეის ნაცვლად - ვინ უღალატა პრინციპებს? ყოფილი "ნაციონალების" ადრესატები ამბობენ, რომ ბრალდებებს ლოგიკა აღარ აქვს, ლეგიტიმურ კითხვებს კი არ აქვს პასუხები.
ირონიული ტონით აფასებს უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე პროცესს მმართველი პარტია. ამბობენ, რომ პარტიებს შორის მწვავე დაპირისპირება ე.წ. შავი ფულის დეფიციტმა გამოიწვია, უკიდურესად დასუსტებულ ოპოზიციას კი ვერანაირი გარე სცენარი ვეღარ უშველის.
მძიმე ლექსიკით ერთმანეთის მხილებისთვის ოპოზიცია უკვე ყველა მედია ეთერსა თუ საჯარო პლატფორმას იყენებს. შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვია არც მიხეილ სააკაშვილს, რომელიც დაპირისპირებაში თავადაც ჩაერთო და ციხიდან მოიწერა, რომ ნდობა იკარგება პრინციპების შეცვლით და ღალატით.