გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) "რემიგრაციის" კონცეფციას " კანის ფერისა და წარმომავლობის მიხედვით ეთნიკური წმენდა" უწოდა, რის გამოც AfD-ის საპარლამენტო ფრაქციამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა. მათი შეფასებით, მერცის ეს განცხადება "სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უკავშირდება".
"ბუნდესტაგში AfD-ის ფრაქციამ, ფედერალური კანცლერის, ფრიდრიხ მერცის (CDU), წინააღმდეგ სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა. საჩივრის მიზეზი გახდა მერცის მიერ ოთხშაბათს ბუნდესტაგში, სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვის დროს წარმოთქმული სიტყვა", - აღნიშნულია სოციალურ ქსელ X-ზე AfD-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, გერმანიის ბუნდესტაგში ბიუჯეტის საკითხების განხილვის დროს, სიტყვით გამოსვლისას AfD-ი "რემიგრაციის" ხელშეწყობაში დაადანაშაულა, რაც მისი თქმით, "სხვა არაფერია, თუ არა ეთნიკური წმენდა კანის ფერისა და წარმოშობის მიხედვით".
როგორც AfD-ს განცხადებაშია აღნიშნული, მერცმა თავისი განცხადებით კიდევ ერთხელ გადააჭარბა ზღვარს, რაც არა მხოლოდ AfD-ის ფრაქციის თითოეული ცალკეული წევრის წინააღმდეგ, არამედ საბოლოოდ, პოლიტიკური თვალსაზრისით, მილიონობით მოქალაქის წინააღმდეგაც იყო მიმართული.