უკვე მეორე დღეა, რაც წითელი ზღვის მთავარი პორტი "ჰუსიტებმა" დაიკავეს. ქალაქი მოხას სანაპირო ზოლი ამჟამად ყველაზე ცხელი წერტილია.
რადიკალური დაჯგუფება ახლა სამხრეთით, ქალაქ დჰუბაბისკენ მიიწევს. მთავარი მიზანი ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე სრული კონტროლის დამყარებაა.
პარალელურად, "ჰუსიტებმა" სარაკეტო იერიშები მიიტანეს საუდის არაბეთის ნავთობინფრასტრუქტურაზეც, დაშავდა 73 ადამიანი. საპასუხოდ, ერ-რიადმა იემენის ტერიტორიაზე 50-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელა. ორ სტრატეგიულ დერეფანში - ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების - სრუტეებში შექმნილი ვითარების გამო, ნედლი ნავთობის ფასმა 109 დოლარს გადააჭარბა.
შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება ჰორმუზის სრუტეშიც - შტატები ირანული პორტების საზღვაო ბლოკადას განაგრძობს, ისლამური რესპუბლიკა კი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის დამყარებას ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა მსოფლიოს უმსხვილეს ენერგეტიკულ დერეფანში ნაღმების განთავსება სცადა და სარაკეტო დარტყმები განახორციელა იორდანიაში, ქუვეითსა და ბაჰრეინში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე.
ახლო აღმოსავლეთში სამხედრო-საზღვაო მოქმედებებში მონაწილეობს ავიამზიდი „USS George Washington“- ი და სადესანტო-მოიერიშე ხომალდი USS Boxer- ი. ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ გაანადგურეს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანის 5 ნავთობტანკერი. აზღვაო ბლოკადის ფონზე, ირანული ნავთობის ექსპორტი ერთ დღეში 1.8 მილიონი ბარელიდან 200 ათას ბარელამდე დაეცა.
პარალელურად, სამხედრო მოქმედებებს განაგრძობს შტატების მთავარი მოკავშირე. "ცახალმა" სამხრეთ ლიბანში მასშტაბური ორკილომეტრიანი მიწისქვეშა კომპლექსი გაანადგურა, რომელიც ისრაელის საზღვრიდან 15 კილომეტრში მდებარეობდა და ალი ალ-ტაჰერის ქედზე "ჰეზბოლას" ცენტრალური სამეთაურო პუნქტი და საცეცხლე პოზიცია იყო. შედეგად ისრაელმა ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზონის ფორმირება დაასრულა.
კონფლიქტის ფონზე, ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა. თეირანმა მიწისქვეშა ობიექტებში რაკეტების აწყობა მცირე მასშტაბებით, ომამდელი კომპონენტებისა და მარაგების გამოყენებით ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყო.
რთული ვითარებაა ღაზაში, სექტორის სხვადასხვა ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები არ წყდება. მედიის ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერში ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ იერიშებს 1,300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე