12 სექტემბერი 2026,   05:12
ვრცლად
არასრულწლოვანი ნარკოტიკების გასაღების სქემაში - დაკავებულია 16 წლის გოგო, რომელიც თანამზრახველ 23 წლის ქალთან ერთად "ალფა-პვპ"-ს სამალავებში ათავსებდა

ნარკოტიკის სამალავთან მიმავალი ორი ახალგაზრდა ქალი პოლიციამ მთაწმინდის პარკის მიმდებარედ დააკავა. მათ დაფასოებული "ალფა-პვპ" წინასწარ მონიშნულ ადგილებში უნდა დაედოთ, ფოტო გადაეღოთ და კლიენტისთვის გადაეგზავნათ.

ნარკოტიკის დადება ვერ მოასწრეს - ორივე მათგანს პოლიციამ ხელბორკილები დანაშაულის ფაქტზე დაადო.

"კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთი ე.წ. დამდები არასრულწლოვანი 16 წლისაა. მისი მოკავშირე კი 23 წლისა.

მოასწრეს თუ არა მათ "ალფა-პვპს" სამალავებში გადანაწილება - ამის დასადგენად პოლიციამ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარა. გაირკვა, რომ კუს ტბისა და მთაწმინდის პარკის მიმდებარედ, 43 ლოკაციაზე, გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკი უკვე დადებული ჰქონდათ. ამ ადგილებიდან სამართალდამცველებმა 57 შეკვრა "ალფა-პვპ" ამოიღეს.

"ალფა-პვპს" გავრცელების ფაქტი ძველი თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა აღკვეთეს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით აიყვანეს.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

დღის ამბები