ხმაურიანი ბრალდებებიდან ჭორაობის აღიარებამდე - ასე აფასებს შალვა პაპუაშვილი იმ პირთა განმარტებებს, რომლებმაც გამოძიებას საკუთარი განცხადებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარუდგინეს.
საგამოძიებო უწყებამ სულ 11 პირი გამოკითხა. კითხვები ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის დადასტურებულ ფაქტსაც ეხებოდა, რაც ეჭვქვეშ კორუფციული დანაშაულისთვის მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დააყენეს.
სწორედ ჩუბინიძემ ჩაწერა ჯორბენაძესთან ინტერვიუ დავით გარეჯის თემაზე, რომელიც "ასავალ-დასავალმა" გამოაქვეყნა. მოგვიანებით ინტერვიუს აუდიოჩანაწერიც გავრცელდა. მასში ჯორბენაძე ტერიტორიების გადაცემაზე საუბრობდა, თუმცა დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა კონკრეტული მტკიცებულება რომ არ გააჩნდა, თავადვე აღიარა.
მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასებით, სწორედ ასეთი დაუსაბუთებელი განცხადებები იქცა დეზინფორმაციული კამპანიის საფუძვლად, რომლის სათავეშიც ირაკლი ღარიბაშვილია.
საგამოძიებო უწყების მიერ გამოკითხულთა შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მრავლად არიან. სწორედ ამიტომ, დღეს კითხვა "ნაციონალურ მოძრაობაში" დავსვით. სააკაშვილის პარტიაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჩვენებას ცვლიან. აღარ ამტკიცებენ, რომ ჯორბენაძემ თავი მოიკლა, ან ვინმემ ვინმეს გარეჯი გადასცა. მეტიც, ღარიბაშვილს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ საქმის გარემოებებს არ იცნობენ.
განსაკუთრებული გამოკითხვების შემდეგ არაფერი მოუსმენია, თუმცა საკუთარ ვერსიას ფაქტების გარეშე მაინც ავრცელებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი. შალვა ნათელაშვილი დღეს დავით გარეჯის მისადგომებთან მივიდა, ბრიფინგი მოაწყო და იმ ჯაჭვს შეუერთდა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა "ასავალ-დასავალის" მეშვეობით წამოიწყო. ადგილზე ნათელაშვილს დოკუმენტები არ ჰქონია, ერთადერთი, რაც მოიშველია, "გუგლის" რუკაა.
ღარიბაშვილი, "ასავალ-დასავალი" და ოპოზიცია - საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ წრე შეკრულია, მიზანი კი გაშიფრული. კანონმდებლების
განმარტებით, დღეს ისინი ერთიანი ძალით სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ იბრძვიან.
ირაკლი ღარიბაშვილმა კორუფციული დანაშაული რამდენიმე თვის წინ თავადვე აღიარა და სასჯელსაც იხდის. გამოძიება მას კიდევ ერთი დანაშაულს - ქრთამის აღებას ედავება. ღარიბაშვილმა დიდი ოდენობით ფულადი სარგებელი, ქართული ჯარისთვის 7 მილიონამდე ზარალის მიყენების სანაცვლოს მიიღო. დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში კი 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.