ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროცესი შემდეგ ფაზაში გადადის. საერთაშორისო პარტნიორებთან და საფინანსო ორგანიზაციებთან კონსულტაციები დასრულებულია და მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს ანაკლიის პორტთან რკინიგზის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ეს ფაქტორი იმის დადასტურებაა, თუ რამდენად სისტემურად ახორციელებს სახელმწიფო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი, 18 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი და აშენდება ახალი სარკინიგზო სადგური. სამუშაოები იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვით, 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა პირველი სატვირთო გემი უნდა მიიღოს.
ანაკლიის პორტში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დასრულდა ტალღმტეხელის ძირში, დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ზღვის ფსკერის დაღრმავება და დაიწყო აკვატორიის - შემოსასვლელის და მოსაბრუნებელი არხის დაღრმავებითი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, ანაკლიის აკვატორიაში ზღვის ფსკერი დაახლოებით 17.5 მეტრამდე გაღრმავდება. ეს სიღრმე უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე მაღალი ტვირთამწეობის გემების მიღების შესაძლებლობას.
სტრატეგიული პროექტის საზღვაო აკვატორიაში სამშენებლო სამუშაოებს მსოფლიოში აღიარებული ბელგიური კომპანია "Jan De Nul"-ი, ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. პორტის მშენებლობა პირდაპირ კავშირშია დაკავშირებადობის, საქართველოს საკვანძო როლის გაძლიერებასთან, ვინაიდან ქვეყანა აქტიურად პოზიციონირებს როგორც ლოგისტიკური ჰაბი და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური "ლენდლორდის" მოდელით ვითარდება - სახელმწიფო ქმნის და ფლობს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო პარტნიორები უზრუნველყოფენ ტერმინალების განვითარებასა და ოპერირებას. აღნიშნული მოდელი ქმნის კონკურენტულ გარემოს, ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორების ჩართვას, ტვირთნაკადების მოზიდვას და პორტის ეფექტიან ფუნქციონირებას.