კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული. დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა უკვე წარმოთქვა.
"კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნამდვილად გამამართლებელ განაჩენს უნდა ველოდებოდე სასამართლოდან, მთავარია, სასამართლომ შეინარჩუნოს ობიექტურობა. თუ ხვალ, ზეგ დადგა ის მდგომარეობა, რომ თუნდაც პირველი ინსტანციის სასამართლომ უსამართლო გადაწყვეტილება გამოიტანა, ჩვენ გვაქვს მეორე ინსტანციაშიც, ბუნებრივია, ისევ სამართლებრივი რეჟიმის ფუნქციონარი, რომლის მიხედვითაც, ალბათ, გააგრძელებს დაცვის მხარე უარეს შემთხვევაში თავის მიდგომებს," - განაცხადა ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ.
დღევანდელ სხდომაზე კი, მხარეები რეპლიკების უფლებით ისარგებლებენ. დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინშია, ბრალდების მხარე კი პირიქით.
"მტკიცებულებები ოთხივე ეპიზოდთან მიმართებით, რაც ჩვენს მიერ იქნა გამოკვლეული, დანაშაულებრივი ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ნამდვილად ადასტურებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, რომ ბრალდებულმა ბრალად წარდგენილი ქმედება ჩაიდინა. ჩვენ შევაფასეთ დაცვის მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებიც, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე, ვისაც დათვის მხარე ეყრდნობა, არის ელისო კილაძე, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციაც ჩვენ მიერ, ბუნებრივია, შეფასდა და ვფიქრობ, რომ სასამართლომ უნდა გაიზიაროს ჩვენი მტკიცებულებებიც და ჩვენი არგუმენტებიც," - აღნიშნა მარიამ ბერძენიშვილმა.