"ქალბატონო პრეზიდენტო, ფონ დერ ლაიენ! ყოველწლიურად გვესმის, როგორ განადიდებთ თქვენ მიერ გაკეთებულ საქმეს და როგორ გვპირდებით, რომ ევროპა კვლავ თავიდან უნდა დაიბადოს, მაგრამ თუ ჩვენს მოქალაქეებს მოვუსმენთ, ვფიქრობ, ცხადი ხდება, რომ ეს სისტემა დასასრულს უახლოვდება," - ამის შესახებ საფრანგეთის მემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერმა, ჟორდან ბარდელამ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც "დებატები ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ" იმართება.
მისი განცხადებით, "2026 წელს უკვე ორი ევროპა მივიღეთ".
"ერთი არის იმ ადამიანების ევროპა, რომლებიც წესებს წერენ - ბიუროკრატების ევროპა, რომლებიც საზოგადოებრივ ფულს ფლანგავენ და ხვალისთვის ახალ გადასახადებს იგონებენ; ევროპა, რომელიც თანამშრომლების ხარჯების 40%-ით გაზრდას გეგმავს და კომისრების კერძო თვითმფრინავებისთვის დანახარჯებს 50%-ით ზრდის. და არსებობს მეორე ევროპა - ევროპა, რომელიც ამ ყველაფერს იხდის. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საფრანგეთში ერთი ლიტრი ბენზინისთვის 2,5 ევროს იხდიან; ადამიანები, რომლებიც გათბობის საფასურს, მზარდ კომუნალურ გადასახადებს იხდიან. ევროპა, რომელიც სულ უფრო მეტს მუშაობს, მაგრამ სულ უფრო ნაკლებს იღებს. აი, ასეთია დღეს ევროკავშირის მდგომარეობა.
მალე ძალაში შევა ETS2-ის რეგულაციაც, რომელიც საწვავს კიდევ უფრო გააძვირებს - დაახლოებით 15 ცენტით ლიტრზე. ეს განსაკუთრებით მძიმედ დააწვება საშუალო და დაბალშემოსავლიან ფენებს. სინამდვილეში, რასაც თქვენ აკეთებთ, არის ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრებას ყოველწლიურად სულ უფრო აძვირებთ. მაგალითად, ადამიანი, რომელიც სამსახურში მისასვლელად 40 კილომეტრს გადის. ან ოჯახი, რომლის სახლამდეც არც ტრამვაი მიდის და არც ავტობუსი. მათ უბრალოდ უფრო და უფრო მეტის გადახდა მოუწევთ. და, სამწუხაროდ, თქვენი ევროპა მხოლოდ უფრო ძვირი კი არ ხდება ყოველწლიურად - ის სულ უფრო ნაკლებად გვიცავს.
ამ ზაფხულს სეუტაში ათიათასობით მიგრანტმა სულ რამდენიმე საათში ევროპის საზღვრის გარღვევა შეძლო. სეუტა ესპანურია და ესპანეთის ტერიტორიად უნდა დარჩეს. მაგრამ სეუტას საზღვრები ჩვენი საზღვრებიცაა. როდესაც საზღვრის გადალახვა სულ რამდენიმე საათში ათიათასობით ადამიანს შეუძლია, ეს მხოლოდ მიგრაციის კრიზისი აღარ არის - ეს სუვერენიტეტის კრიზისია. ევროპა, რომელსაც საზღვრები აღარ აქვს, გაქრობის საფრთხის წინაშე დგას. სეუტა, ლამპედუზა, ბელარუსთან არსებული საზღვარი - ეს ყველაფერი ერთი და იმავე პრობლემის სხვადასხვა გამოვლინებაა. ევროპის ხალხს ერთი რამ სურს: მათ უნდათ, რომ თქვენ დაიცვათ ჩვენი საზღვრები. მათ უნდათ, რომ უკან დააბრუნოთ არალეგალური მიგრანტები, რომლებიც ჩვენს კავშირში უკანონოდ შემოდიან. ისინი არ უნდა განაწილდნენ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში, როგორც ამას თქვენი მიგრაციის პაქტი ითვალისწინებს. ისინი საკუთარ ქვეყნებში უნდა დაბრუნდნენ.
და ბოლოს, შევხედოთ ჩვენს გარშემო არსებულ სამყაროს. ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში, ისლამისტური ტერორიზმი, სურსათის უსაფრთხოების კრიზისი, ენერგეტიკული დაუცველობა. აშშ ინვესტიციებს ახორციელებს. ჩინეთი ინვესტიციებს ახორციელებს. ჩვენ კი სულ უფრო მეტ რეგულაციას ვაწესებთ. ვაწესრიგებთ იმას, რასაც უკვე აღარ ვაწარმოებთ. ვბეგრავთ იმას, რისი წარმოებაც უკვე აღარ შეგვიძლია. და იმ საქონელსაც კი ვბეგრავთ, რომლის წარმოებაც თავად ავკრძალეთ ევროპაში. ეს არის ევროპის მთავარი პარადოქსი. და სწორედ ამიტომ გვჭირდება ცვლილება.
ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი ევროპული არქიტექტურა. საჯარო შესყიდვებში უნდა დავნერგოთ პრინციპი - "იყიდე ევროპული," როდესაც ფული ევროპულია, სამუშაო ადგილებიც ევროპაში უნდა იქმნებოდეს. როდესაც ფული ფრანგულია, სამუშაო ადგილები საფრანგეთში უნდა იქმნებოდეს. უნდა გავთავისუფლდეთ ბიუროკრატიული ბარიერებისგან - ამ აბსურდული და უსარგებლო წესებისგან. უნდა დავიცვათ ჩვენი ფერმერები და ბიზნესი არაკეთილსინდისიერი კონკურენციისგან. უნდა გვქონდეს ეროვნული ფონდები. უნდა ჩავდოთ ინვესტიციები ტექნოლოგიებში, კოსმოსში, თავდაცვასა და ბირთვულ ენერგეტიკაში. უნდა გავთავისუფლდეთ რეგრესული "დეგრადაციის" - ეკონომიკური კლებისკენ მიმართული - იდეოლოგიისგან. უნდა დავუბრუნდეთ ძალას და ინოვაციას.
XXI საუკუნე გვახსენებს ჭეშმარიტებას, რომელიც ევროპას დაავიწყდა: ხალხი, რომელსაც არ შეუძლია, დაიცვას საკუთარი საზღვრები, აწარმოოს საკუთარი ენერგია და გამოკვებოს საკუთარი შვილები, საკუთარ ბედს სხვებს ანდობს. ათწლეულების განმავლობაში თქვენ ხალხს სთხოვდით, თქვენ მიერ შემოთავაზებულ ევროკავშირის ხედვას მორგებოდნენ. დღეს, ბრიუსელში, დადგა დრო, რომ ყველაფერი შეიცვალოს და ძალაუფლება ხალხს დაუბრუნდეს," - განაცხადა ჟორდან ბარდელამ.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე