შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე გიორგი გახარიას პარტიის წევრის, ვიკა ფილფანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დეპუტატმა სიცრუე თქვა.
"საპარლამენტო ტრიბუნიდან საზოგადოებამ მოისმინა ინფორმაცია, თითქოს 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დაფიქსირდა 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი, რაც არის მტკნარი სიცრუე და ამის გადამოწმება მარტივად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც კვარტალურად ქვეყნდება დანაშაულის სტატისტიკა.
სულ დაფიქსირდა 15 განზრახ მკვლელობის ფაქტი და 15-ვე არის გახსნილი. ასევე მანიპულაციურად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჯანმრთელობის 1 804 განზრახ მძიმე დაზიანება მოხდა. ეს არის დაახლოებით ე.წ. დაჭრის შემთხვევები და ესეც არის მტკნარი სიცრუე. ძირითადად, ამ 1 804-ში, 90%-მდე არის გამოძიების დაწყების მაჩვენებელი ძალადობის და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული", - აღნიშნა დარახველიძემ.
ცნობისთვის, ფილფანმა გუშინ, პოლიტიკური გამოსვლის დროს, მისივე მტკიცებით, ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ პირველ კვარტალში რეგისტრირებულია 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი, რეალურად კი ეს მაჩვენებელი არა 532, არამედ 15-ია, მის მიერ დასახელებული ციფრი კი მოიცავს სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საერთო რაოდენობას, მათ შორის - გაუფრთხილებლობით გარდაცვალებას, სუიციდს და სუიციდის მცდელობას.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა არასწორად დაასახელა სხვა დანაშაულის სტატისტიკური მაჩვენებლებიც.