ბათუმის ახლად აშენებულ, 21-ე საჯარო სკოლაში ზარი იმის მაუწყებელია, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესს სრულიად ახალ გარემოში დაიწყებენ. საკლასო ოთახების, სპორტული და სააქტო დარბაზების, ბიბლიოთეკის, მუსიკალური და სხვა მრავალფუნქციური სივრცეების კეთილმოწყობისთვის რვა მილიონ 500 000 ლარი გამოიყო. შენობა სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ განათლების სისტემის განვითარება და სასკოლო ინფრასტრუქტურის მუდმივი განახლება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
აჭარაში წელს უკვე დასრულდა ოთხი ახალი სკოლის მშენებლობა. სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია 27 სკოლას ჩაუტარდა. წლის ბოლომდე რეგიონში კიდევ 20 სკოლის სამუშაოები დასრულდება. 2027 წლისთვის კი, კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობა და 50-ის რეაბილიტაცია იგეგმება.
სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში ბუნებრივია არის გარკვეული გამოწვევები. გაჭიანურებული სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუ ავარიული შენობები, თუმცა განათლების მინისტრის შეფასებით, წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემები, თანმიმდევრული მიდგომებით უნდა აღმოიფხვრას. მიზანი ყველა მოსწავლისთვის თანამედროვე და უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნაა.
ახალი სასწავლო წელი პრემიერ-მინისტრმა ბათუმის ახლად რეაბილიტირებული მე-4 და მე-5 საჯარო სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებსაც მიულოცა.
დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, მოეწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი შიდა და გარე სივრცეები, საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები და სკოლის ეზოები. სრულად შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები. სკოლების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახორციელა.
2026-2028 წლებში აჭარის რეგიონში საერთო ჯამში, 30 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 70 სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.