19 სექტემბერი 2026,   03:09
ვრცლად
ბაღებში ინტოქსიკაციაზე გამოძიება დაიწყო - 7 საჯარო ბაღში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციითა და რისკების დაზღვევის მიზნით, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია

თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღში საგამოძიებო უწყება მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. მიზეზი 55 ბავშვის და ერთი აღმზრდელის ინტოქსიკაციაა. 7 საჯარო ბაღში ეპიდემიოლოგების რეკომენდაციითა და რისკების დაზღვევის მიზნით, სააღმზრდელო პროცესი ამ დრომდე შეჩერებულია. დანარჩენი 183 ბაღი კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას.

ფაქტზე გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. გამოიკითხნენ აღსაზრდელების მშობლები. გამოძიების კითხვებს უპასუხეს სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმაც. ჩხრეკა უკვე ჩატარდა იმ სამ კომპანიაში, საიდანაც ბაღებში საკვები პროდუქტი შევიდა.

ბავშვების ინტოქსიკაცია სავარაუდოდ ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდება. აღსაზრდელები თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მათ შორისაა ციციშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო, სადაც განმარტავენ რომ რეანიმაცია და ინტენსიურ თერაპიაში მკურნალობა არცერთ პაციენტს არ დასჭირვებია და კლინიკაში მონიტორინგს უწევენ.

იმ ბაგა-ბაღებში, სადაც შემთხვევა დაფიქსირდა დილიდან იმყოფებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. უწყებაში აცხადებენ, რომ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტოს ინსპექტორებმა ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

ბაგა-ბაღებში დაფიქსირებული ინტოქსიკაციის ფაქტებზე ჟურნალისტებმა დღეს კითხვა პრემიერ-მინისტრს დაუსვეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა. დადასტურების შემთხვევაში კი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

მომხდარზე განცხადება გაავრცელა თბილისის საბავშვო-ბაგა ბაღების მართვის სააგენტომ. მუნიციპალურ უწყებაში განმარტავენ, რომ სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, კვების ბლოკები, საწყობები, ტემპერატურული რეჟიმები, პროდუქტის ხარისხი და წარმოების ვადები ყოველთვის მოწმდება. სააგენტო ახლა სპეციალისტების დასკვნას ელოდება, რის შემდეგაც დამატებითი განმარტებები გაკეთდება.

დღის ამბები