18 სექტემბერი 2026,   22:49
ვრცლად
უსაფრთხოება უკრაინელების სიცოცხლის ფასად - გერმანელი პოლიტიკოსის განცხადება უკრაინის ომზე და მწვავე პოლიტიკური შეფასებები საქართველოში

ხარჯეფექტიან გზას, რომელზეც გერმანელი პოლიტიკოსი საუბრობს, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე უკვე ემსხვერპლა. სამხედროებთან ერთად, ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წლის შემდეგ თითქმის ყოველდღე, უკრაინის ომს მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან. მიუხედავად ამისა, ნორბერტ როტგენი მიიჩნევს, რომ ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ეს ყველაზე იაფი გზაა. გერმანიის მმართველი გუნდის წარმომადგენელი არც იმას მალავს, რომ უკრაინელები საკუთარი სისხლის ფასად ევროპელებისთვის დროს ყიდულობენ.

ევროპელები დროის მოგებას საქართველოს მეშვეობითაც რომ ცდილობდნენ, ამაზე საუბრობენ თბილისში. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ 2022 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენები გაიხსენა. აქციები, უსაფუძვლო კრიტიკა და კონკრეტული მოთხოვნები - რასაც საბოლოოდ საქართველო ომში უნდა ჩაერთო. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ის, რაზეც დღეს ევროპელი პოლიტიკოსები ღიად ლაპარაკობენ, აჩვენებს, თუ რამდენად ცივსისხლიანია საერთაშორისო პოლიტიკა.

გერმანელი პოლიტიკოსის განცხადება არ გაჰკვირვებიათ ქართველ ოპოზიციონერებს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ევროპელები უკრაინას სოლიდურად სწორედ იმიტომ ეხმარებიან, რომ რუსეთი დასუსტდეს და ვერასდროს გაიმარჯვოს. ხელისუფლების ოპონენტები ნორბერტ როტგენის განცხადებას პოზიტიურ გზავნილად აღიქვამენ.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ როტგენის განცხადება დღევანდელი ევროპის რეალურ სახეს აჩვენებს. კანონმდებლების განცხადებით, ნაცვლად ომის დასრულებისთვის ხელის შეწყობისა, საკუთარი ინტერესების დასაცავად, ევროკავშირი უკრაინაში ომის გაგრძელებას ემხრობა.

ევროპელი პოლიტიკოსის პოზიციაზე კითხვა ჟურნალისტებმა მთავრობის მეთაურსაც დაუსვეს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გერმანელი პოლიტიკოსის სიტყვები - უკრაინის მიმართ უსამართლო დამოკიდებულების გამოვლინებაა.

გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ უკრაინასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ, ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე გააკეთა. ნორბერტმა ციტატა, რომელიც უკრაინაში ომის ევროპის სასარგებლოდ გამოყენებას უკავშირდება, მოგვიანებით სოციალურ ქსელშიც გაავრცელა.

დღის ამბები