სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და მოინანია. 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეს, გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებოდა, რასაც ჩახუნაშვილი თავდაპირველად არ აღიარებდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ჩადენილი ქმედების აღიარების შემდეგ, პატიმარს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
ჩახუნაშვილი ერთადერთი არ არის, ვინც დღეს დანაშაული აღიარა. საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის კიდევ ერთ მონაწილე ზაქრო ალბუთაშვილსაც. 1 წელი თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი - ასეთია შეთანხმების პირობები, ალბუთაშვილი ციხეს 2 კვირაში დატოვებს.
დანაშაულის აღიარებისა და მონანიების საფუძველზე უახლოეს მომავალში გათავისუფლდება ნიკა გვენცაძეც, რომელიც სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვისაა მსჯავრდებული.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა 4 ოქტომბრის ძალადობრივ პროცესებში მონაწილეებს დანაშაულის აღიარების საფუძველზე საპროცესო შეთანხმებები უფორმდებათ. ნაწილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება უკვე დატოვეს. პროკურორის თქმით, მთავარი საგამოძიებო უწყებაა მზადაა ითანამშრომლოს ყველა იმ პირთან, ვინც დანაშაულს მოინანიებს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალადობრივ აქციებში მონაწილე 100-ზე მეტი ადამიანი გასამართლდა, მათმა ნაწილმა გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტს მიმართა, ნაწილმა კი დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ამ ნაბიჯის გამო, ციხიდან გათავისუფლებული პატიმრები წარსულში ოპოზიციის ნაწილის თუ მათი მხარდამჭერების კრიტიკის ობიექტებიც გახდნენ. დღეს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ ერთმა წევრმა თქვა, რომ მორალური მსაჯული ვერ იქნება.
ყველას მიმართ, ვინც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და მოინანიებს ამოქმედდება შესაბამისი ზომები - ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების მიზანი არ არის ადამიანების დაკავება, ამიტომ დანაშაულის გააზრებას, ჰუმანური პასუხიც მოჰყვება. ის ფაქტი, რომ ოპოზიცია აკრიტიკებს პატიმრებს, რომლებიც საპროცესო შეთანხმებას აფორმებენ ან პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავენ, პრემიერის თქმით, მათ რადიკალურ მიზნებზე მეტყველებს.
4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაში მონაწილეები თავდაპირველად თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ორგანიზატორების მოწოდების შემდეგ კი დემონსტრანტებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლეს. შეიჭრნენ ორბელიანის სასახლის ეზოში, წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცველებს, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა მიიღო ფიზიკური დაზიანება, ე.წ. მშვიდობიანი დამხობის მონაწილეებმა გაანადგურეს და ცეცხლი გაუჩინეს ქუჩის ინფრასტრუქტურას. ამის მიუხედავად, პროკურატურა მზად არის , ძალადობრივ პროცესებში მონაწილე სხვა მსჯავრდებულებსაც დანაშაულის აღიარების და მონანიების შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმება გაუფორმოს.
ავტორი: ნანა გოგატაძე