თბილისი უბრალოდ საოცარი ქალაქია. ულამაზესი ქალაქი, რომელშიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ხალხი ცხოვრობს. ქართველებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მეგობრულ ხალხად იცნობენ, - განაცხადა ერიკ ტრამპმა "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მისი თქმით, თბილისის Trump Tower-ის სახით, მისი კომპანია რეგიონის ყველაზე გამორჩეულ და საკულტო პროექტს შექმნის.
"ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მე ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოგიყვეთ თითოეულ შენობაში განლაგებული სხვენისა და გაყვანილობის შესახებ. ჩვენ მხოლოდ ბრენდი არ ვართ. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს წარმოუდგენლად სერიოზულად ეკიდებიან.
არიან ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს გარშემო დადიან და საკუთარ სახელს სხვადასხვა პროექტზე უბრალოდ ათავსებენ. ჩვენ ასე არ ვიქცევით. ამიტომ ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ რეგიონში შემოვდივართ და ეს მართლაც განსაკუთრებული რეგიონია, სადაც საოცარი ადამიანები ცხოვრობენ. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში ვიქნებით წარმოდგენილი.
თბილისი უბრალოდ საოცარი ქალაქია. ულამაზესი ქალაქი, რომელშიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული ხალხი ცხოვრობს. ქართველებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მეგობრულ ხალხად იცნობენ.
ვიცნობ ბევრ ქართველს ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, პენსილვანიაში და, ილინოისშიც კი.
მე არასოდეს შემხვედრია ქართველი, რომელიც ყველა თვალსაზრისით შესანიშნავი ადამიანი არ ყოფილიყო. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ ამ რეგიონში შემოვდივართ, მიხარია, რომ რაღაც მშვენიერს შევქმნით და მიხარია, რომ ვითანამშრომლებთ შესანიშნავ ადამიანებთან, რომლებსაც ვენდობით.
მიხარია, რომ თბილისის ცათამბჯენით ქალაქის სილუეტს შევცვლით. ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ჩვენ ნამდვილად შევქმნით გამორჩეულ შენობებს. ვფიქრობ, ეს იქნება პროექტი, რომელიც წლების განმავლობაში იქნება პოპულარული. ჩვენ ამ რეგიონში, მსოფლიოს ამ ნაწილში, უდავოდ ყველაზე გამორჩეულ და საკულტო პროექტს შევქმნით. და ძალიან მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი მეც ვიქნები.
ამ ყველაფერს გულწრფელი სიყვარული უდევს საფუძვლად. ვფიქრობ, მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოში ძალიან ხშირად მნახავთ. ჩემი მთელი გუნდი ამჟამად იქ არის", - განაცხადა ტრამპმა "რუსთავი 2-თან", რეზო ჭიჭინაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.