21 სექტემბერი 2026,   14:26
ვრცლად
ჯარას კულტურა, რომელსაც აჭარის სოფლებში არაერთი ოჯახი ინახავს - რით განსხვავდება ჯარა ჩვეულებრივი სკისგან და რატომ ინარჩუნებენ მეფუტკრეები ამ მეთოდს დღემდე?

ჯარას კულტურას აჭარის სხვადასხვა სოფელში არაერთი ოჯახი ინახავს. სწორედ მათ შორის არიან ძმები გორჯელაძეები ჩაქვისთავიდან. ფუტკრის მოშენების ანბანი მათ ბაბუამ ასწავლა, შემდეგ კი მათ ყველაფრის კეთება დამოუკიდებლად დაიწყეს.

ჯარას დამზადებას ცოდნა, მარჯვე ხელები და მოთმინება სჭირდება. ეს ხელობა საკმაოდ მალე აითვისა 13 წლის ბიჭმაც, რომელიც პატარაობიდან, მამასთან ერთად, დროის დიდ ნაწილს ფუტკარში ატარებს. თემურმა ჯარას კეთებაც ნელ-ნელა შეისწავლა.

ჯარაში ფუტკარი ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ცხოვრობს. სწორედ ამიტომ, მათი თაფლი განსაკუთრებულად და განსხვავებულად მიიჩნევა.

ამ მეთოდით თაფლი წელიწადში მხოლოდ ერთხელ მოიპოვება. მთელი სეზონის განმავლობაში, ფუტკარი აგროვებს სხვადასხვა მცენარისა და ყვავილის ნექტარს. შესაბამისად, ჯარას თაფლი შერეული არომატებით გამოირჩევა.

წლევანდელი სეზონი მეფუტკრეებისთვის მარტივი არ ყოფილა. ნალექიანი ამინდი და ყვავილების ნაკლებობა თაფლის რაოდენობაზეც აისახა. საუკეთესო შემთხვევაში, მათ თაფლის მოსავლის მესამედი თუ დარჩებათ.

წვიმიანი ამინდებისა და დაავადებების გარდა, ფუტკარს კიდევ ერთი მტერი ჰყავს - დათვი. მეურნეობას გარშემო ნაკრძალი აქვს შემორტყმული, ამიტომაც ტყიდან დათვებიც ხშირად სტუმრობენ.

სირთულეების მიუხედავად, ჩაქვისთავში მეფუტკრეობას მაინც აქტიურად მისდევენ. აქ კარგად იციან, რომ ხისგან გამოთლილი ჯარა უბრალოდ ფუტკრის საბუდარი არ არის. ეს მათი ბებია-ბაბუებისგან დატოვებული ცოდნაა, რომელიც მათ შემდეგ თაობას უნდა გადასცენ. სხვათა შორის, კარგი თაფლის არყის გამოხდასაც აქ ბავშვობიდან ასწავლიან.

გორჯელაძეებმა ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ჯარა გახსნეს, შემოწმების მიზნით. დანარჩენი საბუდარები კი, კარგი ამინდების შემთხვევაში, სექტემბრის ბოლოს გაიხსნება.

 

ავტორი:  გიორგი ქორქია

დღის ამბები