22 სექტემბერი 2026,   16:55
ვრცლად
"სურსათის ეროვნული სააგენტოც ცალსახად აცხადებს, რომ შემოწმებული ნიმუშებიდან საკვებისმიერი ინტოქსიკაცია არ დგინდება" - გურამ ოქროპირიძე

სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით, დარღვევა არ გამოვლინდა. საბავშვო ბაღებში ნოროვირუსის შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას განაგრძობს. 39 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. დანარჩენ ნიმუშებზე კვლევა გრძელდება. ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით შემოწმებულია 70 ობიექტი. სააგენტოს ინსპექტორები ამოწმებენ საბავშვო ბაგა-ბაღების კვების ბლოკებს, ასევე სურსათის მწარმოებელ და მიმწოდებელ ბიზნესოპერატორებს.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის, გურამ ოქროპირიძის განცხადებით, იმ ბაღებში, სადაც ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა, სრული დეზინფექცია ჩატარდა და შვიდი დროებით დახურული ბაღი ეტაპობრივად უახლოეს დღეებში გაიხსნება.

"იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა, ინფიცირების შემთხვევები, ჩატარდა სრული დეზინფექცია და ეტაპობრივად გაიხსნება უახლოეს დღეებში ის 7 ბაღიც, რომელიც იყო დახურული. ყველა ბაღს აქვს აბსოლუტურად დეტალური ინფორმაცია, პროტოკოლი, როგორ უნდა იმოქმედოს, რა ტიპის დეზინფექცია უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გაამკაცროს კონტროლი.

იყო აქ რაღაც პოლიტიკური სპეკულაციებიც კონკრეტული ადამიანების მხრიდან და მე ცალსახად შემიძლია კონკრეტული ფაქტებით, მტკიცებულებებით დავადასტურო, რომ ეს კონკრეტული ადამიანები ტყუილს ამბობენ და ამას მოყვება ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება.

რაც შეეხება საკვებს და მის კონტროლს - არცერთი პროდუქტი საბავშვო ბაღში არ მოხვდება, თუ არ არსებობს შესაბამისი ლაბორატორიული ექსპერტიზის დასკვნა. ყველა პროდუქტი, ასევე წყალი, არის აბსოლუტურად ყველა სინჯით შემოწმებული, გვაქვს ყველა დასკვნა. ამის გარდა, აბსოლუტურად ყველა ბაღს აქვს მკაცრი რეკომენდაცია მიცემული, ხელშეკრულების მიხედვით აკონტროლონ ყველა პუნქტი და ამის დასურათებაც ხდება. შესაბამისად, ის, რომ საკვებთან ასოცირება და ამით სპეკულირება იყო ცალსახად ტყუილი, ამას ძალიან მარტივად დავადასტურებთ ჩვენც.

გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი - სურსათის ეროვნული სააგენტოც ცალსახად აცხადებს, რომ შემოწმებული ნიმუშებიდან საკვებისმიერი ინტოქსიკაცია არ დგინდება“, - აცხადებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი გურამ ოქროპირიძე.

დღის ამბები