22 სექტემბერი 2026,   23:34
ვრცლად
ინგა ფხალაძე: ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან წესებისა და რეგულაციების ჰარმონიზაცია საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, შევქმნათ უფრო თანამედროვე, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ენერგეტიკული ბაზარი

„ჩვენი სურვილია, საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონულ მწვანე ენერგეტიკულ სატრანზიტო და საექსპორტო ჰაბად, რაშიც, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული როლი ენიჭება რეგიონულ თანამშრომლობასაც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც მსხვილ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გააკეთა აქცენტი, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის და სხვა მწვანე ენერგეტიკული დერეფნების განვითარების პროექტებზე.

„ისინი ჩვენთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები არ არის, ეს არის პირდაპირი შესაძლებლობა, საქართველომ უფრო აქტიური როლი შეასრულოს არა მხოლოდ რეგიონული, არამედ ევროპული და საერთაშორისო ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებაში. ამ მიზნის მისაღწევად კი, ინფრასტრუქტურასთან ერთად, რა თქმა უნდა, გვჭირდება საერთო ხედვა, თავსებადი რეგულაციები და მარეგულირებელ ორგანოებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ინგა ფხალაძის თქმით, ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან წესებისა და რეგულაციების ჰარმონიზაცია საქართველოსთვის მხოლოდ საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულება არ არის.

„ეს არის შესაძლებლობა, შევქმნათ უფრო თანამედროვე, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ენერგეტიკული ბაზარი, გავაძლიეროთ მომხმარებელთა უფლებები, წავახალისოთ ინვესტიციები და საქართველოს ენერგეტიკული სისტემა მოვამზადოთ უფრო ფართო ევროპულ სივრცესთან დასაკავშირებლად. ამ გზაზეც მარეგულირებლის როლი განსაკუთრებულია და დღევანდელი ფორუმის საქართველოში ჩატარებაც, გარკვეულწილად, სწორედ ჩვენი მზაობის გამოხატულებაა, რომ საქართველო იყოს არა მხოლოდ ენერგეტიკული ტრანსფორმაციის რიგითი მონაწილე, არამედ ამ პროცესის აქტიური და მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

დღის ამბები