"ეს არის ერთგვარი დასაწყისი იმ გზისა, იმ ყინულის ლღობის პროცესისა, რომელსაც ჰქვია ევროკავშირთან სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენა", - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ლევან მახაშვილმა აღნიშნა, საუბარი შეეხება ურთიერთობის სრულფასოვნად აღდგენის საკითხებს.
"გარკვეული პაუზის შემდგომ, პირველად შედგება უმაღლეს დონეზე ორმხრივი ვიზიტი. ვიხედებით წინ, ბელგიის მხარესაც, ლუქსემბურგის მხარესაც. სწორედ იმიტომაც დგება ეს ვიზიტი, რომ აქვს განსაკუთრებული ინტერესი ამ ურთიერთობების ხელახლა ნორმალურ ჩარჩოებში დაბრუნების და იმის, რომ ჩვენ ვისაუბროთ - არა კარი დავუხუროთ ერთმანეთს, არამედ ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ იმისთვის, რომ აღვადგინოთ სრულფასოვნად ეს ურთიერთობები", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შალვა პაპუაშვილი რამდენიმე საათში შეხვედრებს გამართავს პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან.
საუბრის თემა იქნება საქართველოში მიმდინარე პროცესები, უსამართლო დამოკიდებულება და დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც გარე აქტორების და შიდა ჯგუფების მონაწილეობით ხორციელდება.
დელეგაციის შემადგენლობაში, არიან ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი. მათი განცხადებით, საქართველო კვლავ ღიაა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობისთვის.